რომან კაკულია - უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია
რომან კაკულია - უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია

საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით შეკითხვებს უფრო აჩენს, ვიდრე პასუხებს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, მიწის გასხვისებაზე ლიბერალურ მიდგომებს არ ემხრობა.

„ყოველთვის ვამბობდი, საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მიწასთან დაკავშირებული საკითხების მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განხილვა არ არის ჩემი პრიორიტეტი, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს ამ საკითხს, ავტომატურ რეჟიმში გეუბნებათ, რომ ეთნოკულტურული ცვლილებები ამ ქვეყანაში ასევე მისაღებია მათთვის.

მე რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ორგანული კანონი და იქ არსებული ნორმები რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. თუ საზოგადოებას ამ მიდგომებისა და მსოფლმხედველობის ადამიანები სურს ხელისუფლებაში, ამის არჩევანის უფლება ძალიან მალე ექნება.

ჩემი აზრით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.