ბიბლიაზე ყველას ედო ხელი, როდესაც პრეზიდენტები სიტყვას ამბობდნენ, მაგრამ, რაღაცნაირად, ეს თემა თითქოს რიტუალურ ნაწილში იყო გადასული, განსაკუთრებით ამერიკისთვის, – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ბოლოს, ეს ტრანსგენდერიზმის თემაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, რატომაც ამან გამოიწვია ამერიკელების შიდა დისკომფორტი და ტრამპმა უპასუხა ამას. ჩვენ, ზოგადად, ამ თემას დავაკელით განხილვა და, ჩემი აზრით, პრიმიტიულად განვიხილეთ, ერთმა მხარემაც და მეორე მხარემაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იდენტობასთან დაკავშირებული თემა იყო და რადგან ტრამპი ასე უდგება ამ საკითხს, ეს ძალიან ბევრ პროცესს მისცემს დასაბამს. ბოლო ათი წელია, ამერიკის ინტელექტუალურ წრეებში, რომლებსაც მე პატივს ვცემ და ვაკვირდები, სულ იყო ეს თემა, რომ იდენტობის პრობლემა ამერიკელებისთვის და მერე, შესაბამისად, მთელი მსოფლიოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ იყო მნიშვნელოვანი? ბიბლიაზე და რელიგიურ საკითხებზე საუბარი რომ იყო, თუ დააკვირდით, დარბაზშიც კი თითქოს განსხვავებული იყო ამ თემის მიმართ დამოკიდებულება. ეთიკის პრობლემაა დღეს ხომ, მსოფლიოში ზოგადად? რა არის კარგი და რა არის ცუდი, ეთიკა განსაზღვრავს ამას და თუ მსოფლიო თვლიდა, რომ ეთიკის საფუძვლის არავითარი ობიექტური რეალობა არ არსებობს, ანუ ეთიკას თუ ობიექტური საფუძველი არ აქვს და ის მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალური ნების საკითხია, მაშინ ამას დასასრული არ აქვს. ეს უსასრულოდ შეიძლება ქაოსამდე მივიდეს და ეს იყო კიდევაც დაწყებული. ამიტომ ტრამპი ბიბლიაზე თავისი ხელის დადებით და ამ მნიშვნელობისთვის განსაკუთრებული აქცენტის მიცემით გამოეხმაურა წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვნად წამოწეულ თემას იმასთან დაკავშირებით, რა ვქნათ საერთოდ ეთიკის საკითხებთან მიმართებით. თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და უარი ვთქვით იმაზე, რომ ეთიკის უკან უნდა იდგეს ღვთაებრივი მორალის საწყისები და ადამიანებმა უნდა გადავწყვიტოთ, მაშინ ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. მოსასმენად ეს ძალიან კარგია, მაგრამ პრაქტიკულ ასპექტში ყველა მიხვდა, რომ ადამიანების გაერთიანება გამაერთიანებელი იდეების გარეშე ძნელია და ეს რომ ყველამ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად, რა არის კარგი და რა ცუდი, ოღონდ ერთმანეთი არ დავაზიანოთ, ვერ გამოდგა გამაერთიანებელ იდეად. ლიბერალიზმს, როგორც ასეთს, ეს პრობლემა ჰქონდა“, – განაცხადა კაკულიამ.
რომან კაკულიამ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა განათლებაზე, რაც ასევე საგულისხმოა, რადგან მსოფლიოში დგას განათლების პრობლემა.
„დღეს ჩვენი განათლების მინისტრიც საუბრობდა და ძალიან მინდა, ვნახო განათლების მინისტრი, რომელიც პირველ საკითხად ინფრასტრუქტურას არ დააყენებს, როცა განათლებაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც და მასწავლებელიც, მაგრამ ძალიან მინდა, ვნახო ისეთი განათლების მინისტრი, მაგალითად, საქართველოში, რომელიც იტყვის, რომ განათლების მთავარი მიზანი არის თვითშემეცნების პროცესის აღძვრა ადამიანში. აი, ეს არის განათლების მიზანი. რატომ არ გამოდის დიალოგი და ლაპარაკიო, იმიტომ არ გამოდის, რომ განათლება, პირველ რიგში, საკუთარ ცოდნაში ეჭვის შეტანის უნარს ნიშნავს. ეს არის განათლება, როცა შენ საკუთარ ცოდნაში ეჭვის შეტანის უნარი გაგაჩნია. კრიტიკული აზროვნება ნიშნავდა, ოღონდ მე არ გამაკრიტიკო, მაგრამ მე თუ გამაკრიტიკე, უკვე ეს საიდან მოვიდაო. ეს მსოფლიოს პრობლემა იყო და ჩვენ ავსახავთ ხოლმე მერე მსოფლიოს. კრიტიკული აზროვნება მოდაში შემოვიდა და მთელი მსოფლიო თითქოს ამას ცდილობდა, რომ დაენერგა, მაგრამ თვითშემეცნება არ გახდა ამოსავალი წერტილი. იმიტომ, რომ თვითშემეცნებას როგორც კი მიადგები, იმწუთას ეთიკური ნორმების პრობლემა გადაგიდგება, რადგან საიდან იღებ შენ ეთიკურ ნორმებს? შენ თუ ღვთებრივი წყარო ჩახსენი ამ ეთიკური ნორმების განსაზღვრაში და აქ ადამიანის ინდივიდუალური ნების ამარად დატოვე ეს ყველაფერი, ვეღარ დალაგდა საზოგადოებები, ვერ შეიკრა“, – განაცხადა კაკულიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ვიდრე ამერიკას დავარწმუნებთ რაღაცაში, სახელმწიფოს უნდა დავემსგავსოთ.
„სახელმწიფოს დამსგავსებაში, იცით, რას ვგულისხმობ? ის ხალხი, ვინც ინაუგურაციაზე იყო, იმით იღებდნენ შინაარსს, რომ მათ თანაარსებობის წესი მოსწონთ და სახელმწიფო ესაა, როდესაც შენ გაქვს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, როგორ ვიარსებებთ ერთმანეთთან. ჩვენ ხომ ეს პრობლემა მაინც გვაქვს? ჩვენ თანაარსებობის წესზე ვერ შევთანხმდით, საბოლოო ჯამში, როგორ მივუდგეთ ერთმანეთს ის ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის არ გვესმის. შემდგარი სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომელიც ჩამოყალიბდება საკუთარ ფუნქციაზე. თუ ერთი ნახევარი იქით იხედება და მეორე ნახევარი – აქეთ, ასეთი სახელმწიფო ვერ გამოდგება ისეთი ფუნქციის შესასრულებლად, რასაც მეორე ფუნქციას ვეძახი. თუ ის პირდაპირ გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მისი გავლენის სფეროში, მაშინ მას პირდაპირ დასჭირდება ის ხალხი, რომელიც უპირობოდ აღიარებს მათ არსებობას და ეს სხვა მოცემულობა იქნება, მაგრამ თუ ის გადავწყვეტს, რომ ჩვენ ამ ცივილიზაციათა შორის ჩვენი ადგილი შეიძლება ვითამაშოთ და ის, უბრალოდ, გაიმეორებს იმას, რაც ბუნებამ მოგვცა, ანუ, თუ გამოყენება მოხდება იმ გეოპოლიტიკის, რომელიც ისედაც არის ჩვენი მდგომარეობა, ეს სხვა მოცემულობაა. ჩვენ ნებისმიერი გამოწვევისთვის გვჭრდება შემდგარი სახელმწიფო, სადაც უკვე შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ერთად. სახელმწიფოს ფუნქცია ხომ ეს იყო თავიდანვე? ჩვენ, ადამიანებმა გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე რომ ვერ გავაკეთებდით, ისეთი საქმის გაკეთება შეგვიძლია ერთად და სახელმწიფოს იდეა ეს იყო თავიდანვე. თავიდან, ტომები რომ ჩაისახა, მაგიტომ ჩაისახა, ცალ-ცალკე რაღაცას რომ ვერ გააკეთებდი, ერთად უკეთესად გამოგივიდოდა და თუ ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, ერთმანეთს ვინ ვერ ვიტანთ და როგორ მოვიცილოთ ერთმანეთი თავიდან, ასე არ გამოვა ეს“, – განაცხადა კაკულიამ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში გვყავს ოპოზიცია, რომელთა შორის განსხვავება, ძირითადად, არის სააკაშვილზე გაბრაზების თარიღში, თუ ვინ როდის გაბრაზდა სააკაშვილზე.
მისივე თქმით, არ იცის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატების დაწყება რამდენად ჯობია პოლიტიკოსების მიერ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი რამ საზოგადოების წევრებს შორისაც დაიწყოს, დაიწყოს დიალოგი ადამიანებთან საქართველოს გეოპოლიტიკის, როლის, საფრთხეების, შესაძლო დახმარების შესახებ და ა.შ.
