რომან კაკულია - „თიბისის“ ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ურტყამს ქვეყანას, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, უნდა მივხვდეთ, რომ ამ რისკად ღირდა 
რომან კაკულია - „თიბისის“ ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ურტყამს ქვეყანას, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, უნდა მივხვდეთ, რომ ამ რისკად ღირდა 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება „ქვეყანას ურტყამს“ და გამოძიების შედეგებით უნდა გაირკვეს, ღირდა თუ არა ეს მსგავს რისკად.

დეპუტატი ელოდება, რომ პროკურატურა და გამოძიება ყველა ლეგიტიმურ კითხვას უპასუხებს.

„ეს სიტუაცია ყველა ჩვენგანს ურტყამს, ქვეყანასაც ურტყამს და ყველაფერს, თუ რამეზე დარტყმა შეიძლება, მაგრამ ამას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, როდესაც ჩვენ გავიგებთ, რასთან გვაქვს საქმე. იმდენად გონივრული უნდა იყოს, უნდა მივხვდეთ, რომ ღირდა ამ რისკად და ამის უკან იდგა ნამდვილად ისეთი საქმე, რომელზეც თვალს ვერ დახუჭავდა ვერც პროკურატურა და ვერც სახელმწიფო. ასეთ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ქვეყანა, განსაკუთრებით ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას. მაგრამ თუ  დავინახავთ სიტუაციას, რომ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე, მაშინ ყველა  რისკი და მსგავსი კრიტიკული შენიშვნა ობიექტური იქნება. წინასწარ არ შევაფასებდი, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ ლეგიტიმურ შეკითხვებს უპასუხებს თავისი გონივრულობითა და ადეკვატურობით პროკურატურა და გამოძიება. დეტალებში ჯერ არ შევალ, იმედი მაქვს, უფრო ზურგგამაგრებული ვიქნები არგუმენტებით, რომელსაც პროკურატურა მოგვცემს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს ამ საკითხის საკომიტეტო მოსმენაზე დაყენებას, დეპუტატი ამბობს, რომ ჯერ ამისთვის გონივრული ვადა არ გასულა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში განხილვა შესაძლებელია.

„ამ ეტაპზე, გონივრული ვადა ჯერ არ გასულა იმისთვის, რომ საპარლამენტო მოსმენაზე ვიფიქროთ, მაგრამ თუ ამ საჭიროებას დავინახავთ, ალბათ, ჩემი კომიტეტი ის კომიტეტია, რომელმაც აღნიშნული საკითხი უნდა დააყენოს“, – განუცხადა რომან კაკულიამ.