რომან კაკულია - სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ცვლილებები აუცილებელია
რომან კაკულია - სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ცვლილებები აუცილებელია

ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ცვლილებები აუცილებელია და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ განხორციელდება, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„არ მინდა, სტანდარტული პასუხით გავაღიზიანო მაყურებელი, რაც ისმის, რომ არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, მსგავსი პასუხები არ არის საჭირო. მიმაჩნია, რომ ზოგადად, ცვლილებები აუცილებელია, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა მოვლენების მიმართ. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ცვლილებები განხორციელდება, რადგან ამ საფინიშე ბოლო ხაზზე, რომელსაც ჩვენ ახლა უნდა დავადგეთ, აუცილებელია, გამოჩნდეს „ქართული ოცნების“ ის სახე, რომელსაც აქვს პრეტენზია, გააგრძელოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ამასთან, დეპუტატს ინფორმაცია არ აქვს, არის თუ არა რამე ცვლილება სამთავრობო გუნდში მოსალოდნელი, თუმცა კაკულია ცვლილებას მიესალმებოდა.

„ამ ეტაპზე, რადგან შვიდი წლის განმვლობაში დაშვებული შეცდომების, წარუმატებლობების გაანალიზება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როგორც წესი, ადამიანი, რომელიც თავად აკეთებდა გარკვეულ საქმეს, მაინც ტენდენციურია ხოლმე შეფასებაში, რაც უნდა თვითკრიტიკულ ადამიანებთან გვქონდეს საქმე, ყოველთვის ძნელია ამ დასკვნების ასე გაკეთება. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ცვლილებები აუცილებელია. კონკრეტული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. მე მივესალმებოდი ასეთ ცვლილებებს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.