რომან კაკულია - რუსული საფრთხეების გაუთვალისწინებლობა პროდასავლურობის ინდიკატორი არ არის
რომან კაკულია - რუსული საფრთხეების გაუთვალისწინებლობა პროდასავლურობის ინდიკატორი არ არის

რუსული საფრთხეების გაუთვალისწინებლობა პროდასავლურობის ინდიკატორი არ არის, – ამის შესახებ დეპუტატმა, რომან კაკულიამ განაცხადა, რომელმაც დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მისი გუშინდელი კომენტარის ის ნაწილი განმარტა, სადაც რუსულ საფრთხეებზე საუბრობდა.

როგორც დღეს დეპუტატმა აღნიშნა, მისი კომენტარის არასწორი ინტერპეტაცია მოხდა.

„სამწუხაროდ, ამ საკითხზე ყველამ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთა ინტერპრეტაციები, ამიტომ უმარტივეს ენაზე ვეცდები, განვმარტო რას ვგულისხმობდი. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ ქვეყანაში ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება, როგორც პრორუსული ორიენტაცია, როდესაც შესაძლო რუსულ საფრთხეებზე საუბრობთ. მინდოდა, საზოგადოებისთვის მთავარი გზავნილი ყოფილიყო ეს. ამ ქვეყანაში რუსული საფრთხეების გაუთვალისწინებლობა არ არის პროდასავლურობის ინდიკატორი“, – განაცხადა კაკულიამ.

დეპუტატის განმარტებით, მას ცალსახად არ უთქვამს, რომ რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებული მოსაზრებები იყო კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. კაკულიას თქმით, ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა.

„მე ცალსახად არ მითქვამს, რომ ასეთი ტიპის მოსაზრებები იყო მთავარი მიზეზი კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის, რადგან ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რომელიც სახეზეა და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს. შეუსრულებელი ვალდებულება არის მიზეზი, რის გამოც შეწყდა ხელშეკრულება“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

საქართველოს მთავრობამ გუშინ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა.