რომან კაკულია - რეცესიას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ შეიძლება, რეცესიის წყარო აღმოიფხვრას
რომან კაკულია - რეცესიას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ შეიძლება, რეცესიის წყარო აღმოიფხვრას

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, უკვე გამოიკვეთა, რა პროგრამებზე მოუწევს უარის თქმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს.

მისი თქმით, დასაზუსტებელი რჩება მხოლოდ საგარეო დახმარებების ის ნაწილი, რომელიც საერთო პაკეტს შეკრავს.

რომან კაკულიამ პანდემიის არსებულ შედეგებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რეცესიას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ შეიძლება, რეცესიის წყარო აღმოიფხვრას.

დეპუტატი განმარტავს, რომ ქვეყნის წინაშე ერთი ეტაპი იყო – ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, შემდეგ ეტაპი კი არის – რეცესიის შედეგების შემცირება.

„როცა ნომერ პირველი ამოცანა კორონავირუსი იყო, მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, სანამ მთავრობა იმ რესურსებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებოდა, რაც შეიძლება, ხელმისაწვდომი გახდეს, რათა რეცესიის შემცირების სტრატეგია მკაფიოდ შევიმუშაოთ. როგორც კი იმ ეტაპზე მივალთ, როცა ეს თანხა მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდება, ცხადია, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია უნდა აღდგეს და აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, რაც მიზნად ისახავს რეცესიის შემცირებას. რეცესიას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ შეიძლება, რეცესიის წყარო აღმოიფხვრას. ამ წუთას, საერთო თანხის დასახელებას აფერხებს საერთაშორისო დახმარებების დაზუსტება. საგარეო დახმარებები უკვე გამოკვეთილია, რიცხვია დასაზუსტებელი. როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი რიცხვია. უკვე გათვლილია, სახელმწიფო ბიუჯეტს რა პროგრამებზე მოუწევს უარის თქმა, ესეც დანახულია, ერთადერთი დასაზუსტებელი რჩება საგარეო დახმარებების ის ნაწილი, რომელიც შეკრავს იმ საერთო პაკეტს, რომელსაც ინდუსტრიული პოლიტიკის გადახედვა და იმ ახალი ვალდებულებების შესრულება ჰქვია, რასაც მთავრობა თავის თავზე აიღებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატის თქმით, განახლებული ინდუსტრიული პოლიტიკის წარმართვის პროცესში დარგობრივი კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული.