რომან კაკულია - ქვეყნისთვის სიკეთის მსურველ ადამიანს არ შეიძლება, ხელს აძლევდეს რევოლუციური სცენარი
რომან კაკულია - ქვეყნისთვის სიკეთის მსურველ ადამიანს არ შეიძლება, ხელს აძლევდეს რევოლუციური სცენარი

მსურს, დარწმუნებით ვთქვა, რომ საზოგადოება არასოდეს დაუშვებს რევოლუციური სცენარის განვითარებას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რომან კაკულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ქვეყნისთვის სიკეთის მსურველ ადამიანს არ შეიძლება, ხელს აძლევდე რევოლუციური სცენარი.

„ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლების განცხადებებში ერთი სიტყვაც არ იყო სიახლე.

გასაკვირი ის იქნებოდა, მათ რომ სხვანაირი განცხადება გაეკეთებინათ. თუმცა ასევე მსურს, დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს საზოგადოება არასოდეს დაუშვებს რევოლუციური სცენარის განვითარებას. რა რაოდენობის მხარდამჭერებიც არ უნდა ჰყავდეთ, ამას ცალკე ანალიზი სჭირდება.

ასევე ცხადია, რომ ქვეყნისთვის სიკეთის მსურველ ადამიანს არ შეიძლება, აწყობდეს რევოლუციური სცენარი, ასეთი მდგომარეობაა ჩვენთან, მით უმეტეს ცალკეული შემთხვევების გარდა, არავითარ გაყალბებასთან და უსამართლობასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია აქვს შემთხვევების ტენდენციებად წარმოჩენის საქმეში. და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ ყველაფრის იმ ფორმით მიწოდებაში, რომ ამან ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიოს. ისევ ამ გზას ადგანან, მაგრამ ჩემი აზრით, დროის კარგვა ურჩევნიათ ნორმალურ პოლიტიკურ რიტმში დაბრუნებას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.