რომან კაკულია - „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩეულია ყოველგვარი „ჩრდილოვანი“ საგარეო მხარდაჭერების გარეშე
რომან კაკულია - „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩეულია ყოველგვარი „ჩრდილოვანი“ საგარეო მხარდაჭერების გარეშე

ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან  საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კაკულიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კონგრესმენის წერილი, „თუმცა აშშ-ის ოფიციალური პოზიცია პირველ რიგში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებებში უნდა ეძებონ“.

კაკულიას განმარტებით, ელჩმა კი პროგრესზე ისაუბრა და მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა მაღალ დონეზეა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების წერილი, რა რაოდენობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის ოფიციალური პოზიცია პირველ რიგში უნდა ვეძებოთ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ გამოიყენა სიტყვა პროგრესი და აღნიშნა ასევე ისიც, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ სტადიაზეა. ამიტომ პოლიტიკური სპეკულაციებია ოპოზიციონერების და ამ მიმართულებით მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც არ იშურებენ არავითარ ენერგიას, მაქსიმალური კონტრიბუცია გააკეთონ იმ უარყოფითი ტექსტების შექმნაში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“ ,- განაცხადა რომან კაკულიამ.

რომან კაკულიას თქმით, არჩევანი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გააკეთოს, რისთვისაც არჩევნები არსებობს.

„ამ პოლიტიკოსებს მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის არსებობს არჩევნები, სწორედ მათი სახელით მოსულ პოლიტიკოსებს უნდა მისცეს ხმა მომავალი არჩევნების დროს“ ,- განაცხადა რომან კაკულიამ.

ამავდროულად, კაკულია ფიქრობს, რომ არც ერთი კონგრესმენის განცხადება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

„ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, ეს იქნება ამერიკელი კონგრესმენი, ბრიტანელი ან ფრანგი და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დარჩეს ყურადღების გარეშე, არც დარჩება და არც დარჩენილა არასოდეს. მინდა, ჩვენს ხელისუფლებას ვუსურვო, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ  ეჭვები, რომელთა შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს, ძალიან მალე გაქარწყლდეს.  ობიექტური რეალობის დანახვისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო კოლექტიური ორჯონიკიძეების მომხსენებელ პოლიტიკოსებსაც, რომელთა განცხადებაც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, დაახლოებით ამას მაგონებს, ასეთ სიტუაციაში ვხედავ, რომ ქართული საზოგადოება კოლექტიური ორჯონიკიძეების სახელს დაარქმევს სწორედ იმ ძალას, რომლის პოლიტიკის შედეგადაც, გააქტიურდება ან ღმერთმა ნუ ქნას, შედგება რუსეთის განმეორებითი აგრესია საქართველოში. ეს ახსოვდეს კარგად ყველა პოლიტიკოსს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას ამბობს, მნიშვნელოვანია, რა შედეგი დადგება ამ გაცხადებული პოლიტიკის შედეგად“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.

ამასთან, კაკულიას თქმით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩეულია ყოველგვარი „ჩრდილოვანი“ საგარეო მხარდაჭერების გარეშე.

„2012 წელს „ქართული ოცნების“ ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის იყო, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ, ეს იყო ალბათ ყველაზე მეტი ლეგიტიმაციით არჩეული პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩეულია ყოველგვარი „ჩრდილოვანი“ საგარეო მხარდაჭერების გარეშე, რაც უცხო არ იყო მანამდე არსებული ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ქართული საზოგადოება მანამდე დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ამავე პრინციპებით ჩამოყალიბებული ძალა არ გამოჩნდება“ ,- განაცხადა რომან კაკულიამ.

რომან კაკულიას კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.