რომან კაკულია - კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე „თიბისი ბანკის“ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, ნეიტრალურობა შეინარჩუნონ
რომან კაკულია - კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე „თიბისი ბანკის“ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, ნეიტრალურობა შეინარჩუნონ

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაგვიანებით, მაგრამ სწორი პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რომან კაკულიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეს.

„ამ პროცესში ნეიტრალურები უნდა ვიყოთ და ჩვენ სწორი პროცესი უზრუნველვყოთ. სწორ პროცესში, რა თქმა უნდა, შეკითხვები უნდა დასმულიყო. ახლა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიციის გამოხატვას ველოდებით. ფორმატზეც შეიძლება შევთანხმდეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში დეპუტატებმა გაიგონ, როგორია ეროვნული ბანკის პასუხები. აქ სხვა მნიშვნელოვანი თემებიც გაჟღერდა. უკვე ამას პოლიტიკური დატვირთვა შეძენილი აქვს, ეს ვინმეს მოწონს, თუ არა. აქედან გამოსვლა უმტკივნეულოდ და სწორად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ყველა დასმულ შეკითხვაზე პასუხი არსებობს“,- განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, ერთი მხარის მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო დასკვნისთვის ეს საკმარისი არ არის. კაკულია კოლეგებს მოუწოდებს, ვიდრე „თიბისი ბანკის“ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, ნეიტრალურობა შეინარჩუნონ.

„როგორც წესი, ერთი მხარის მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო დასკვნისთვის ეს საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეცათ საშუალება ყველა თავიანთი მოსაზრება გამოეთქვათ. ახლა ეროვნული ბანკის რეაქციას დაველოდოთ. ასევე გამოხმაურებას პროკურატურის მხრიდან. ჩვენ დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქარით. მათ საშუალება მივცეთ, აღნიშნულ შეკითხვებთან დაკავშირებით განცხადებები ისეთ ფორმატში გააკეთონ, რომელიც სიტუაციას არ დააზარალებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ვინმე მხარედ არ გამოჩნდეს. კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ეს საქმე ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, ნეიტრალურობა შეინარჩუნონ“,- განაცხადა კაკულიამ.