რომან კაკულია - ისტერია, სიმართლე გითხრათ, არც თავად გაბუნიას დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით, აქ რასთან გვაქვს საქმე, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს, დასკვნის გაკეთება ძნელია
რომან კაკულია - ისტერია, სიმართლე გითხრათ, არც თავად გაბუნიას დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით, აქ რასთან გვაქვს საქმე, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს, დასკვნის გაკეთება ძნელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეს ბოლომდე არ იცნობს.

„ისტერია, სიმართლე გითხრათ, არც თავად გაბუნიას დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით, აქ რასთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი თემაა, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს, დასკვნის გაკეთება ძნელია და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, – განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა თავად ფაქტს, რომ რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვმა გადმოკვეთა საზღვარი, დეპუტატი აცხადებს: „დღევანდელი მსოფლიო სამწუხაროდ არის მოწყვლადი ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ და საქართველოც გამონაკლისი არ არის. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია“, – განაცხდა რომან კაკულიამ.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.