რომან კაკულია გიგა ბოკერიას მიმართავს - ძალიან მძიმეა იმ ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც თქვენ განგიხილავთ პროევროპულობის მეტრად
რომან კაკულია გიგა ბოკერიას მიმართავს - ძალიან მძიმეა იმ ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც თქვენ განგიხილავთ პროევროპულობის მეტრად

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, რომელთა შორის ყველაზე დიდი გამოწვევა არის, როგორ ჩამოაყალიბონ სწორი საგარეო ორიენტირები.

თუმცა, კაკულიას თქმით, გარკვეული ადამიანები ახლა ამ საკითხზე პოლიტიკურ ქულებს აგროვებენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადების საპასუხოდ კაკულიამ აღნიშნა, რომ ძალიან მძიმეა იმ ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც მას განიხილავს საქართველოში პროევროპულობის მეტრად.

კაკულია მიიჩნევს, რომ ადამიანმა თავისი წარსულით უნდა დაამტკიცოს თავისი პროევროპულობა.

„როგორც ჩანს, ჩვენ ორი ვირუსი გვაქვს ქვეყანაში. ერთი ვირუსი არის კორონავირუსი, რომელიც ჩინეთში შეიქმნა, თუ შექმნეს, დადგინდება იმედია და მეორე გებელსის მიერ შექმნილი ვირუსი, ძალიან ძველია, მაგრამ სამწუხაროდ აქ ისევ არის. არ მინდოდა ამ დიალოგებში გადასვლა, არ ვარ ხოლმე ამ პერსონალური მინიშნებების მომხრე, რადგან როგორც კი მოვედი პარლამენტში, ვთვლიდი, რომ ეს პერსონალური მოხსენიება ძაბავს სიტუაციას ისევ ამ დაძაბულში და ყოველთვის ვერიდებოდი ამას, მაგრამ დღეს ისეთი საკითხი დაისვა, მინდა, ამას ერთი ორი სიტყვით გამოვეხმაურო. ჩვენ აქ იმიტომ ვმსჯელობთ, რომ გვინდა კარგი ქვეყანა საბოლოო ჯამში, ვირუსის დამარცხებაც, ეკონომიკის განვითარებაც და ყველაფერი ეს.

ამ ქვეყანას აქვს გამოწვევები, ამ გამოწვევათა შორის ყველაზე დიდი გამოწვევა არის, როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენ სწორი საგარეო ორიენტირები. ადამიანები ახლა ამაზე აგროვებენ პოლიტიკურ ქულებს. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ზუსტად უნდა დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. დღეს ყველა დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე საუბრობს. ყველაზე დიდი საფრთხე დემოკრატიას რაც აქვს და მთელი ევროპა საუბრობს ამაზე, ეს არის დემოკრატიის ილუზიის შექმნა და დემოკრატიის ილუზიასთან ბრძოლის გასაღება, როგორც დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად.

ახლა ჩვენ რა ვქნათ, რომ ამ ქვეყანაში მართლა არსებობენ პრორუსული ძალები, რომლებიც თავიანთი მოტივაციების გასამართლებლად იყენებენ კიბატონო ევროპულ კრიტიკას, ევროპული მიმართულებების კრიტიკას. და ჩვენ რა ვქნათ ახლა ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა, ნამდვილად დავინახოთ ჩვენი სწორი გზა, თუ რაღაც მომენტში დავინახავთ, რომ რომელიმე შეფასება, ჩვენი გაგებით არ არის ნორმალური და სწორი, არ არის კონტექსტის გათვალისწინებით, ამიტომ ახლა ჩავრთოთ გუგლის პროგრამა, რომელიც პლაგიატის იმას იძლევა, რომ სადმე ეს ნარატივი რომელიმე ქვეყანაში ვიღაცისას არ დაემთხვეს, ჯერ ეს ტესტი გავიაროთ და მერე გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება?

ბატონო გიგა, მოგმართავთ ახლა თქვენ, ძალიან მძიმეა იმ ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც თქვენ განგიხილავთ პროევროპულობის მეტრად ამ ქვეყანაში და ჩემი აზრით, ადამიანმა თავისი წარსულით უნდა დაამტკიცოს თავისი პროევროპულობა.

ჩემი ცხოვრებით, ჩემი განვლილი გზით, ყველაფრით ვეცადე, რომ თითოეული აგური დამედო 30 წლის განმავლობაში იმ გზაზე, რომელსაც ევროპისკენ მიმავალი გზა ჰქვია. როგორც შევძელი, ისე ვაკეთე ეს. ახლა არავის წინაშე არ ვაპირებ ამის ახსნას, მაგრამ ყველას გასაგონად ვიმეორებ , არ შევალ ამ პერსონალურ სახელებში, არასოდეს აწიც, მაგრამ, ძალიან გთხოვთ,  ნუ აზიანებთ გარემოს რაღაცა თქვენი წაგებული ადამიანის პოზიციიდან წამოსროლილი ამ შხამებით“, – განაცხადა კაკულიამ.

რომან კაკულიას თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დემოკრატიას ემუქრება, არის როცა ადამიანებს დემოკრატიის ხარვეზებზე საუბარი აღარ შეუძლიათ.

„დემოკრატია ამით ზიანდება ევროპაშიც, ამით ზიანდება ყველგანაც და ამიტომ დემოკრატიის ილუზიის შექმნა არის ყველაზე დიდი საფრთხე. მჯერა მე ამის და თქვენი შეფასებების გამო, ამ მოსაზრებებს რატომ უნდა გაექცეს ადამიანი არ მესმის. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ერთი რამ, როდესაც მივალთ არჩევნებამდე, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებზე უნდა დააზუსტოს თავისი ხედვა, რა ხედვას იზიარებს, რა შედეგები მოჰყვება მის პოლიტიკას და პრინციპში ძალიან კარგია ინიცირება ამ საუბრის, რომ ჩვენ აქამდე მიგვიყვანს და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს შემდეგ ეს. რა ვიცი, თქვენ ის ხალხი ხართ, არჩევანის თავისუფლებაზე და მიიღე განსხვავებულზე საუბრობთ ყოველთვის და ჩემი განსხვავებული მოსაზრება რატომაა ასეთი კატასტროფული, ვერ გავიგე. ჩემთვის ეს იყო შეურაცხმყოფელი, რადგან ადამიანის უფლებები არის ღირებულებათა ნაწილი, რომელიც კულტურის ნაწილია.

ამ ქვეყანაში როგორი კულტურაც არის დღეს, ადამიანებიც ადამიანების უფლებებს ისე აღიქვამენ. კონტექსტის გარეშე არავინ არ აღიქვამს დღეს იმ ადამიანების პოლიტპატიმრობას. ამიტომ არჩევნებამდე უნდა ეცლია ჩვენთვის ყველას, საზოგადოებას გამოეხატა თავისი მოსაზრება ამ ყველაფრის მიმართ და შემდეგ მოსაზრებების გამოთქმაც შეიძლებოდა, წერილის გამოგზავნაც  და ყველაფერი. ეს იქნებოდა ნორმალური დამოკიდებულება და ახლა, ძალიან გთხოვთ, ასეთი პრინციპებით ნუ განსაზღვრავთ და დიდ დასკვნებს ნუ გააკეთებთ“,- განაცხადა რომან კაკულიამ.