რომან კაკულია - ფოთის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა
რომან კაკულია - ფოთის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მხრიდან ალბათ ძალიან არასასურველი შეცდომა იყო დაშვებული, კარგია, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოხდა, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომან კაკულიამ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, მოცემულობა ისეთია, რომ ოპოზიცია უკეთესს ვერ ინატრებდა.

„უკეთესს რომ ვერ ინატრებდა, ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა. იმედია, ამას დღის განმავლობაში კარგად გამოიყენებენ.

რეალობა გახლავთ ის, რომ ალბათ, ძალიან არასასურველი შეცდომა იყო დაშვებული იმ უწყების მხრიდან, თუ რამე სხვასთან გვაქვს საქმე, ალბათ მინისტრი გაერკვევა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოხდა. ცხადია, ამაში საამაყო არაფერია, მაგრამ გაზვიადებაც არ შეიძლება“, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტის პროექტი ცალკე თემაა და ამ საკითხს არ უკავშირდება.

„არის ცალკე ანაკლიის პორტის საკითხი, რომელსაც ეს თემა პირდაპირ არ უკავშირდება. ამიტომ ანაკლიის პორტს ერთადერთი გამოწვევა აქვს, კონკურენტუნარიანობა. ამ კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით განმეორებადი, განახლებადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ინვესტორებისთვის, რომელთაც ეჭვი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ეს კონკურენტუნარიანი პროექტია. ეს არის ანაკლიის პორტის ერთ-ერთი გამოწვევა და არა მთავრობის მიერ არასაკმარისი ყურადღება. ასეთი ფაქტები რომც იყოს, ეს გამოსწორებადია. ჩვენ პარლამენტში იმიტომ ვართ, რომ ამას არ დავუშვებთ, რადგან ანაკლია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუ მას კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე ყველა პარამეტრი თავის ადგილზე აქვს. ჩვენ იმ კვლევებს ვეყრდნობით, რომლებიც ადრე იყო“, – განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, დეპუტატის მისი თქმით, ფოთის პორტთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა და ეს საკითხი ანაკლიის თემისგან უნდა გაიმიჯნოს.

„ეს საკითხი გავყოთ – ანაკლიასთან დამოკიდებულება და ის არასასიამოვნო ინციდენტი, რომელიც ფოთის პორტთან დაკავშირებით მოხდა. ფოთის პორტსაც ცალკე განვითარებას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ იმ ფარგლებში, რომელიც კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

სიტყვა ღრმაწყლოვანი იმიტომ გამოიკვეთა ანაკლიის პორტის შემთხვევაში, რომ ეს თავისთავად მოიცავდა თავის შინაარსით   უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც იმ ტერიტორიასთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ცხადია ეს არ უნდა დაიკარგოს და მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

დეპუტატის განცხადებით, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

კონსორციუმსაც თავისი მოთხოვნები აქვს და იმედია, ისინიც ყველაფერს სათანადოდ შეასრულებენ. მოდით, ნუ ავწევთ ზედმეტ აჟიოტაჟს, რისი საფუძველიც დღეს არ არსებობს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.