რომან კაკულია - გარე რისკების მიმართ მდგრადობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მაკროეკონომიკური პარამეტრების მდგრადობა არსებობს
რომან კაკულია - გარე რისკების მიმართ მდგრადობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მაკროეკონომიკური პარამეტრების მდგრადობა არსებობს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო კომპანია, როგორი არის Fitch-ი, საქართველოს რეიტინგს უნარჩუნებს, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არებული კრიზისის ფონზე.

„ზოგადად, მიიჩნევა, რომ საგარეო რისკების მდგრადად მართვის უნარი გააჩნიათ იმ ქვეყნებს, სადაც მაკროეკონომიკური პარამეტრები მდგრადია. ამიტომ მოცემულ სიტუაციაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეფასებაა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარება ორი მნიშვნელოვანი მოცემულობის ჯამია – ბიზნესგარემო და ფარდობითი უპირატესობები, ანუ შესაძლებლობები, რომლებიც არსებულ  ბიზნესგარემოში უნდა განვითარდეს.

მისი განმარტებით, მსოფლიოს ბიზნეს საზოგადოება, მათ შორის პოტენციური ინვესტორები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებას.

„აღნიშნული შეფასება, ჩვენი მთავრობისთვის ნამდვილად პოზიტიურ შეფასებად შეიძლება ჩაითვალოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რომან კაკულიას თქმით, აღსანიშნავია, რომ შეფასებისას გამოყოფილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია და ასევე, ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასება.

„შეფასება  აჩვენებს  ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკის სიმყარეს და მის დადებით ტენდენციას. გარე რისკების მიმართ მდგრადობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მაკროეკონომიკური პარამეტრების მდგრადობა არსებობს და თავისთავად, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა. მაკროეკონომიკური პარამეტრების მდგრადობა არის ის ერთადერთი კლასიკური ბარიერი, რომლითაც ჩვენ და ჩვენი მსგავსი სხვა ქვეყნები გარე შოკებს უმკლავდებიან“, – აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს პოზიტიური პერსპექტივით საკრედიტო რეიტინგი „BB-“  შეუნარჩუნა.