რომან კაკულია - ემოციური გადაწყვეტილება მეც შემეძლო, მაგრამ წასვლა უნდა უკავშირდებოდეს რწმენას, რომ ქვეყნისთვის უკეთესი მოცემულობის დატოვება შეგიძლია
რომან კაკულია - ემოციური გადაწყვეტილება მეც შემეძლო, მაგრამ წასვლა უნდა უკავშირდებოდეს რწმენას, რომ ქვეყნისთვის უკეთესი მოცემულობის დატოვება შეგიძლია

ხელისუფლებიდან წასვლა იმის რწმენას უნდა უკავშირდებოდეს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი მოცემულობის დატოვება შეგიძლია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატების წასვლა სამწუხაროა.

„ფაქტიურად, თუ ვინმეზე შემეძლო მეთქვა, რომ ვმეგობრობდი, ის ადამიანები გუნდიდან წავიდნენ. ამ ყველაფერმა თავმოყვარეობაზე იმოქმედა. ამის შემდეგ საზოგადოებას მკაფიო პასუხები უნდა გასცე დაპირებებზე, რასაც მომავალში გასცემ, როცა ასეთი ფაქტის წინაშე დააყენებ. შემეძლო, ემოციური გადაწყვეტილება მეც მიმეღო, მაგრამ ხელისუფლებიდან წასვლა იმის რწმენას უნდა უკავშირდებოდეს, რომ ამის შემდეგ უკეთესი მოცემულობის დატოვება შეგიძლია ქვეყნისთვის. ვინც ქუჩაში დგას, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ უფლება მაქვს, ეჭვი მქონდეს, რომ მათი გაერთიანებიდან უკეთესი მოცემულობის შექმნას ვერ ვხედავ. საზოგადოებას ნათლად უნდა ავუხსნათ, რაც მოხდა და ამ ყველაფერს რა საფუძველი ჰქონდა. თუ საზოგადოებას აუხსნი, რაშია საქმე, ესმის. დიდი რეპუტაციული ტვირთია, როცა ამით რჩები, მაგრამ სჯობს, რეპუტაციული ტვირთი ატარო და არ იფიქრო იმაზე, ვის უტოვებ ქვეყანას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ამის შემდეგ უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.