რომან კაკულია - ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ოპონირების პროცესი გადასულია მტრობაში
რომან კაკულია - ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ოპონირების პროცესი გადასულია მტრობაში

ანტიკრიზისულ გეგმის საბოლოო შეფასება ყველაზე უპრიანი მაშინ იქნება, როცა ბიუჯეტს ვნახავთ, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ბიუჯეტის შეფასებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა მოიკლო და შეიმცირა მთავრობამ საკუთარ თავზე დამატებითი თანხების გამოსაყოფად; რომელი პროგრამები მიიჩნია არარელევანტურად პანდემიის პირობებში და რა თანხები მოიზიდა.

„თანხა ბევრია თუ ცოტა, უნდა განისაზღვროს მაშინ, როცა დარწმუნდები, რომ მთავრობის გადაწყვეტილება რელევანტურია საკუთარი ხარჯებისა და პროგრამების შემცირებასთან დაკავშირებით და მოზიდულ თანხებთან მიმართებაში. ამ თანხას მთლიანობაში რომ დაინახავ, ამის მერე შეიძლება საუბარი, მაგალითად, თვითდასაქმებულებზე 300 ლარი ბევრია თუ ცოტა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, დახმარებების კუთხით ხელისუფლება შეეცადა შეხებოდა ყველა სოციალურ ჯგუფს.

„აქ მთავარი კრიტერიუმი იყო, რამდენად ყოვლისმომცველი იყო შემხებლობა. თუ სოციალური დახმარების პაკეტს გადავხედავთ, ის, რაც ყველას ეხებოდა, იყო კომუნალურ გადასახადებთან არსებული გადახდები და სამი თვით ვალდებულებების გადავადება. ხელისუფლებამ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებები შესთავაზა მათ, ვინც სამსახური დაკარგა. მან გარკვეული პრინციპებით იდენტიფიცირება მოახდინა თვითდასაქმებული პირების და მათთვის თანხა გამოყო. სოციალური პაკეტში ქულების რაოდენობა გაზარდა და შესაბამისად, გამოყო თანხა მათთვის, ვინც ამ ქულების რაოდენობაში 600-დან 1000-მდე გახლდათ.

ხელისუფლებამ დახმარება შესთავაზა მათ, ვისაც 16 წლამდე ასაკის სამი შვილი ჰყავდა და ასევე, ვისაც განსაკუთრებული შშმ პირები ჰყავდა ოჯახში. თუ ასე დასვამ შეკითხვას: საკმარისია თუ არა? რა თქმა უნდა, ეს საკმარისი თანხები არ არის, მაგრამ ობიქტური ადამიანი დასვამს კითხვას, თუ რამდენად გაიღო მთავრობამ ის თანხა, რომლის გაღების უფლებაც მას ჰქონდა. მთავარია, დაინახო ერთიანი სურათი სხვადასხვა სეგმენტით და რაციონალურად გაიაზრო პაკეტის მთელი მოცულობა, მაგრამ ჩვენთან ოპონირება არ არსებობს და, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ოპონირების პროცესი გადასულია მტრობაში“, – განაცხადა რომან კაკულიამ.​