რომან კაკულია - ჩემი მიზანია, სახელმწიფო სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ახალი დისკუსია გაიხსნას
რომან კაკულია - ჩემი მიზანია, სახელმწიფო სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ახალი დისკუსია გაიხსნას

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით რომან გოცირიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

კაკულია ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი ნამდვილად არ არის ის, რომ მარეგულირებელ კომისიებში ხელფასების შემცირების საკითხი დადგეს.

„ჩემი გადაწყვეტილების მიზანია, ზოგადად სახელმწიფო სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ახალი დისკუსია გაიხსნას, რაც ახლახან კანონით იქნა განხილული, მაგრამ მსჯელობაზე ვსაუბრობ, რასაც ორწლიანი ვადა მაინც სჭირდება, რათა მთლიანობაში იქნას განხილული, სახელფასო სისტემა მაქსიმალურად ადეკვატური როგორ გავხადოთ. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს დისკუსია გაიხსნას. ავტორთან შევთანხმდით, რომ მეორე მოსმენის დროს ვიმსჯელებთ, რამდენი უნდა იყოს ხელფასი, როგორ უნდა იყოს ერთმანეთთან დამოკიდებულება. სახელმწიფო სექტორის საშუალო რგოლში იმას უნდა მივაღწიოთ, რომ ღირსეული ხელფასი იყოს და ადამიანები სახელმწიფო სამსახურში იმისთვის არ მიდიოდნენ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და შემდეგ საკუთარი მომავალი სხვაგან ეძებონ. ეს პროცესი იქნება, მაგრამ ადეკვატური არ არის და ამ საკითხზე მსჯელობის პროცესის დაწყებას მხარი დავუჭირეთ. ინიციატივის მხარდაჭერა თავისთავად გამოვიდა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ საკითხზე მსჯელობას გავააქტიურებთ“, – განაცხადა კაკულიამ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა, რომ მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურების შესახებ მსჯელობა დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა ​მარეგულურებელ კომისიასთან დაკავშირებით დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის შედეგად მიიღო.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრისა და თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება საქართვლოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ერთი თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

რომან გოცირიძის გათვლებით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება – 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია და საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას სამჯერ აღემატება.

კანონპროექტი მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა, მხარი არ დაუჭირა და თავისი შენიშვნებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაუგზავნა.

დატოვე კომენტარი