რომან კაკულია ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით „ვივუსის“ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
რომან კაკულია ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით „ვივუსის“ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით „ვივუსის“ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

რომან კაკულია იმედოვნებს, რომ „ვივუსი“ საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის.

„პოლიტიკური მოტივის გარდა, ეკონომიკურად და ფინანსურად გამართულ სხვა არგუმენტს ვერ ვხედავ, თუმცა იმედი მაქვს, ეს ორგანიზაცია კარგად გაანალიზებს, ყველაფერს რა პოზიტიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს და თავის გადაწყვეტილებას შეცვლის”, – აღნიშნავს კაკულია.

დეპუტატი მთავრობის ინიციატივის შინაარსსაც განმარტავს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მთავარი არსი ისაა, რომ პროცესში სახელმწიფო კაპიტალი არანაირად არ მონაწილეობს და „ქართუს“ მიმართ მადლობა ამიტომ გაჟღერდა.

„ქართუმ“ თავის თავზე აიღო, რომ როცა ბანკები ვალდებულებებს გაანულებენ, ამ პროცესის გარანტორი ის იქნება. გარანტია იმას ნიშნავს, რომ თანხას დაფარავს”, – განაცხადა კაკულიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

მთავრობის ინიციატივაში ჩართვაზე უარი განაცხადა ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსმა“.