რომან კაკულია ჩანაწერებზე - კვანძის გახსნას უნდა დაველოდოთ, რომელიც ალბათ, წინასაარჩევნოდ მოხდება
რომან კაკულია ჩანაწერებზე - კვანძის გახსნას უნდა დაველოდოთ, რომელიც ალბათ, წინასაარჩევნოდ მოხდება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფიქრობს, რომ მთავარი პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს.

პირველ არხთან საუბარში რომან კაკულია ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანა ცოტა კომიკურ სიტუაციაში შევიდა.

„ეს ზუსტად ის თემაა, რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ პროცესს ზუსტად ეს გამონათქვამი შეეფერება. კვანძის გახსნას უნდა დაველოდოთ, რომელიც ალბათ, წინასაარჩევნოდ მოხდება. ეჭვები ყველა მიმართულებით არსებობს, რადგან ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრეთ, სადაც ვიცით, რომ ეს ხერხი საზოგადოებაზე მანიპულირების ცნობილი ხერხი იყო. ამის სპეციალისტები საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუმცა ექვსი წელია ხელისუფლებაში ვართ და გარკვეული რისკები არსებობს, საქმე რასთან გვქონდა, გარკვეული ინფორმაციების უკან ხომ არ იმალება გადაცდომები არა ტენდენციური ხასიათის, მაგრამ ერთჯერადი და ისეთი ფაქტები, რომელიც რეაგირებას საჭიროებს. ამ ყველაფერს ძალიან მალე გავიგებთ“, – აღნიშნავს დეპუტატი.

კაკულია მიიჩნევს, რომ საზოგადოება უნდა დაელოდოს იმას, რამდენად ქმედითი იქნება მტკიცებულებები, რომლის წარმოდგენასაც ორივე მხარე ცდილობს.

„პროკურატურასთან დაკავშირებით ხარვეზები რომ არის, ამას ყველა ხედავს. არ ვიცით, საქმე რა ობიექტურ მიზეზებთან გვაქვს. შესაძლოა, იმდენი საქმეა თავსაც ვერ ართევენ, შეიძლება კვალიფიკაციის პრობლემაა. მათზეა დამოკიდებული რამდენად შექმნიან იმ ხარისხის ნდობას, რომ საზოგადოებაში კითხვები მოიხსნას“, – განაცხადა კაკულიამ.