რომან კაკულია - ბიზნესმენები ყველანი ადასტურებენ, რომ საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით თავისუფალია და არავითარი წნეხი არ არსებობს
რომან კაკულია - ბიზნესმენები ყველანი ადასტურებენ, რომ საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით თავისუფალია და არავითარი წნეხი არ არსებობს

კომპანია „ფრონტერას“ სხვადასხვა ინტერპრეტაციებმა ინტერესთა კავშირების სხვა მნიშვნელოვანი პროცესები უფრო შეაფერხა, ვიდრე სახელმწიფომ მათი საქმიანობა,- ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ „ფრონტერას“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

რაც შეეხება „ფრონტერას“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2013 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება, კაკულიას თქმით, არ იცნობს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლიდან გამომდინარეც კომპანიას შეიძლება, აღნიშნულის თქმის საფუძველი ჰქონდეს.

„რაც არის სასამართლოების პრეროგატივა, მე ამაში ვერ ჩავერევი. არ ვიცნობ ასეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ამის გაკეთების საფუძველი აქვთ. უფრო მეტიც, მემგონი მათმა სხვადასხვა ინტერპრეტაციებმა ინტერესთა კავშირების სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროცესები უფრო შეაფერხა, ვიდრე სახელმწიფომ მათი საქმიანობა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

„ფრონტერას“ განცხადების იმ ნაწილზე კი, სადაც კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას გააგრძელებენ, კაკულია ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს თავადაც იმედით უყურებს.

„მეც ვიმედოვნებ, რავიცი, ყველანი იმედით ვუყურებთ. რაც შეეხება თანამშრომლების გათავისუფლებას, ცხადია, კერძო კომპანიას აქვს თავისი ექსკლუზიური ვალდებულება, მაგრამ გონივრულობა, რა თქმა უნდა, დაკარგული არ უნდა იყოს,ზოგადად დამოკიდებულება როგორ არის ამ პროცესის მიმართ, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის, თუ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში მომავალში აპირებენ ინვესტიციების გაგრძელებას და თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

შანსი ყოველთვის დამოკიდებულია საქმიანობის კონკურენტუნარიანობაზე, რასაც ისინი აკეთებენ და მხარდაჭერა მათ ყოველთვის ჰქონდათ, შესაძლებელია,ზედმეტიც კი. ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც რაღაც კერძო, ცალკე საკითხი.ზოგადად, ფონი ასეთია ჩვენს ქვეყანაში – თუ გვინდა, რომ ინვესტიციები განვითარდეს, მთლიანობაში ყოველი კერძო საკითხი უნდა იყოს კერძოდ განხილული, მაგრამ ბიზნესის მხარდაჭერის საერთო ფონი არ უნდა შეიცვალოს. ეს ერთ-ერთი მიღწევა იყო ამ ქვეყანაში, ბიზნესმენები ყველანი ადასტურებენ, რომ გარემო გაცილებით უფრო თავისუფალია და არავითარი წნეხი არ არსებობს, რაც, ცხადია, შესანარჩუნებელია“ ,- აღნიშნა რომან კაკულიამ.

დატოვე კომენტარი