რომან კაკულია - არ ვფიქრობ, რომ წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელიც ანაკლიის პორტის ჩაძირვაზე ფიქრობს, ასეთ სიმპტომებს ვერ ვხედავ 
რომან კაკულია - არ ვფიქრობ, რომ წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელიც ანაკლიის პორტის ჩაძირვაზე ფიქრობს, ასეთ სიმპტომებს ვერ ვხედავ 

ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

კაკულია პორტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თავისი კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში,  ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტი შედგეს .

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისადმი“, რომ უმოკლეს დროში წარადგინოს გეგმა ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლების თაობაზე, დეპუტატი ამას მართებულად მიიჩნევს.

კაკულია ანაკლიის პორტის პროექტის საკითხზე ოპოზიციის კრიტიკასაც ეხმაურება.

„არ ვფიქრობ, რომ წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელიც ანაკლიის პორტის ჩაძირვაზე ფიქრობს. მე პირადად ასეთ სიმპტომებს ვერ ვხედავ, მაგრამ რაღაც ეჭვები მაქვს თუ არ მაქვს, ეს სხვა თემაა. პირადად მე, ჩემი კომიტეტიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროექტი შედგეს და ასეთი მძაფრი ეჭვების მიმართ არ მივყვები პოლემიკას. დაველოდოთ, ძალიან მოკლე დროში გამოჩნდება ყველაფერი, ეს არ არის წლების საკითხი, რამდენიმე თვეში გახდება გასაგები, როგორც ჩვენი სტატეგია, ასევე პროექტის მონაწილეთა მოტივაციები და მიზეზები“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42 პროცენტიანი წილის მქონე ამერიკული კომპანია  – „კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილებისა და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.