ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში წარადგინოს „კონტი ჯგუფის“ დასავლური ინვესტორით ჩანაცვლების გეგმა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში წარადგინოს „კონტი ჯგუფის“ დასავლური ინვესტორით ჩანაცვლების გეგმა

შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ განაპირობა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სადაც უწყება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელთა შემადგენლობიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

უწყება განმარტავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის (ტენდერის) ძირითად და აუცილებელ პირობებს.  ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის განხორციელებას საქართველოს მთავრობა ანდობდა იმ პრეტენდენტ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებდა ორ ძირითად მოთხოვნას: ექნებოდა ანალოგიური პორტის აშენებისა და მართვის სულ მცირე, ხუთ წლიანი გამოცდილება და მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“. შესაბამისად, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება განაპირობა კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ.

საზოგადოების ყურადღება არაერთხელ გამახვილდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ „კონტი ჯგუფი“ არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, „კონტი ჯგუფს” არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ აღნიშნული ეჭვებს იწვევდა პროექტში „კონტი ჯგუფის“ რეალურად არსებობის შესახებ.

„ყოველივე ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა „კონტი ჯგუფის“ პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს „კონტი ჯგუფის” პრეზიდენტმა, კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა.

საყურადღებოა ისიც, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადება „კონტი ჯგუფის” პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის „კონტი ჯგუფს”, პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისკენ.

ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს „კონტი ჯგუფის” გასვლის შემდეგ ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.

ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე.

სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობისა და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვისა და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე“, –  ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამდენად, უწყება მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42 პროცენტიანი წილის მქონე ამერიკული კომპანია  – „კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილებისა და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

დატოვე კომენტარი