რომან კაკულია - ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მხარს ვუჭერ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ამასთან მიმართებით რაღაც უმართავ პროცესებს ვხედავ
რომან კაკულია - ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მხარს ვუჭერ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ამასთან მიმართებით რაღაც უმართავ პროცესებს ვხედავ

ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მხარს ვუჭერ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ამასთან მიმართებით რაღაც უმართავ პროცესებს ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ასეთი ტიპის ორგანიზაციების ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება არის ის, რომ ისინი ხელისუფლებას ყოველთვის ოქროს სტანდარტს უნდა მიუთითებდნენ და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, ეს სხვაობა ისე ამოავსოს, როგორც შეუძლია. კორუფცია ყველა ქვეყანაშია. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ საკუთარი ადგილი საბოლოოდ კორუფციული სქემების დაგეგმვით და მხარდაჭერით იპოვოს. თუ ასეთი შემთხვევები არსებობს, პირადად მე ყოველთვის ბრძოლის მომხრე ვარ. ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მე პირადად მხარს ვუჭერ. მხარს კანონმდებლობის გამკაცრებასაც დავუჭერდი. მაგრამ არა იმიტომ, რომ ახლა ხელისუფლებაში ამასთან მიმართებით რაღაც უმართავ პროცესებს ვხედავ. ჩვენი ქვეყნის წინაშე ისეთი გამოწვევებია, როდესაც შეზღუდული რესურსები არსებობს და მისი სამართლიანობის განაწილება ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა. ეჭვი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რომ ხელისუფლება მაქსიმალური მომჭირნეობით არ ხარჯავს მის ხელთ არსებულ რესურსებს. ეს არის ჩემთვის მიზეზი, რომ ანტიკორუფციული კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებიდან წელიწადნახევრის თავზე, საქართველოს პოზიტიური შედეგები აქვს წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მხრივ მიღწეული პროგრესის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა ვერ ხერხდება მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.