რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება
რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება

დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ადასტურებს, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„განხილვას ვადასტურებ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს საჭიროებს კონსულტაციებს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ევროინტეგრაციის მიმართულებით. თამარ ხულორდავა იმიტომ კი არ წავიდა, რომ რამე მიმდინარე საქმიანობას თავს ვერ ართმევდა. მას ჰქონდა ძალიან რთული პოზიცია მოცემულობასთან დაკავშირებით, რაც ჩამოყალიბდა ბოლო მოვლენებსა და ვალდებულებებს შორის, რაც იყო აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან. აქ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯები, რას ვაპირებთ, როგორ მივდივართ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და არა იმაზე, შესაძლებელია თუ არა საქმიანობის გაძღოლა კომიტეტში.

„ახლა ყველაზე რთული უბანი არის ეს. ამაზე არის დამოკიდებული, როგორ ვპოზიციონირებთ დანარჩენ მსოფლიოსთან, ევროკავშირთან. ცხადია, აქ კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რომ მე ჩამოვყალიბდე, თუ რა გეგმები გვაქვს ზოგადად მომავალში“, – განაცხადა დეპუტატმა, რომან კაკულიამ.

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას თამარ ხულორდავა იკავებდა, რომელმაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა გასულ კვირაში 11 დეპუტატთან ერთად დატოვა. დეპუტატების პროტესტი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდებოდა.