რომან კაკულია აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
რომან კაკულია აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საკანონმდებლო ორგანოში „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომან კაკულია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავისზე ნაკლებად არ არის დაინტერესებული არც სიმართლის გარკვევაში და არც არავითარი ბარიერი არ აქვს, მინისტრს პარლამენტში მისვლა სთხოვოს.

„ამ ეტაპზე, მათ იმ დიდ ინფორმაციაზე სამუშაო უფრო ბევრი აქვთ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ვიდრე ყოველ კვირას საკანონმდებლო ორგანოში ირბინონ და ანგარიში გააკეთონ. ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი არავისზე ნაკლებად არ არის დაინტერესებული არც სიმართლის გარკვევაში და ვინმეს არც კომპლექსი აქვს, მინისტრი დაიბაროს. ყოველ დღე ახალი სერიალები მიმდინარეობს, ათასი ინფორმაცია ტრიალებს, რაშიც ყველას გვინდა, გავერკვიოთ. როცა გონივრული დრო დადგება და მათაც საშუალება ექნებათ, გვეტყვიან, მიზანმიმართულად რასთან გვაქვს საქმე, რადგან პოზიცია მაშინ ყალიბდება, როცა სრულყოფილი ინფორმაცია გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედაპირული პოზიცია გაქვს და არ მინდა, ზედაპირული პოზიცია მქონდეს და ინფორმაციის ნაგლეჯი მივიღო, რომელიც შეიძლება, დღეს მათაც არ ჰქონდეთ. მოთხოვნაში ამიტომ არ გეთანხმებით, თორე, რა პრობლემაა მინისტრის მოსვლა ან რაიმეზე საუბარი“, – მიმართა ოპოზიციას კაკულიამ.

„ევროპული საქართველო“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტში გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძეს იბარებს.