რომან გოცირიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საქმიანობას ფრაქციის ფორმატში გააგრძელებს
რომან გოცირიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საქმიანობას ფრაქციის ფორმატში გააგრძელებს

ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას ფრაქციის ფორმატში გააგრძელებს.

როგორც პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი არ იყო და არსებულ რეჟიმში დარჩება.

„ფრაქციული მუშაობა საკმაოდ მისაღებია და ყველა ბერკეტს ვიყენებთ. როცა ოპოზიცია საპარლამენტო უმცირესობას კარგავს, ეს კარგი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისეთი სწრაფი ტემპით იშლება, გამორიცხული არ არის, პარლამენტში სხვა რეალობა მივიღოთ. შესაძლოა, ერთმანეთისგან მტრული ბანაკი წარმოიშვას, მაგრამ ივანიშვილისადმი ორივე ბანაკი ერთგული იყოს. „ქართული ოცნების“ დაშლა გრძელდება და საუბარი რაიმე ახალ ფორმატზე, საპარლამენტო უმცირესობის შექმნისთვის, მიზანშეწონილი არ არის. დავრჩებით როგორც ვართ, რადგან უმრავლესობის სწრაფი ტემპით დაშლა პარლამენტში სხვა რეალობას წარმოშობს. გამორიცხული არ არის, „ქართული ოცნება“ შუაზე გაიყოს და ერთმანეთის უმცირესობა-უმრავლესობა ჩამოყალიბდეს. ანუ ერთმანეთი სძულდეთ, მაგრამ ივანიშვილი უყვარდეთ. არავითარი პრობლემა არ არის ერთი ქოლგის ქვეშ ვიყოთ, მაგრამ შეიძლება, დიდხანს ამანაც არ გაძლოს, „ქართული ოცნება“ იმდენად სწრაფი ტემპით იშლება“, – განაცხადა გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა დატოვეს.