რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ დიდ ბრიტანეთთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ დიდ ბრიტანეთთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ დიდ ბრიტანეთთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი არ არსებობს და კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე დისკუსია დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობა და ის სიკეთეები შენარჩუნდეს, რითაც ევროკავშირთან ურთიერთობისას ვსარგებლობდით. უვიზო რეჟიმი აქამდე არ არსებობდა და თუ ამაზე საუბარს დავიწყებთ, კარგი იქნება. მნიშვნელოვანია, ისეთი რეჟიმი გაფორმდეს, რაც ბრიტანეთთან თავისუფალ ვაჭრობას უზრუნველყოფს. ეს დოკუმენტი ამის საფუძველს უკვე იძლევა და თუ შემდგომში გაფორმდება, დასაზუსტებელია. ჯერ ვერ გავიგეთ, აღნიშნულის თაობაზე წინასწარი შეთანხმება არსებობს, თუ ავტომატურად მოხდება”, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და  გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა დღეს ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. დოკუმენტი  მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს  სტრატეგიული პარტნიორობისთვის,  ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.