რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების საპატიმროში მონახულების უფლება არ მისცა
რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების საპატიმროში მონახულების უფლება არ მისცა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების საპატიმროში მონახულების უფლება არ მისცა.

მისივე განმარტებით, უარის მიზეზად პანდემია დასახელდა.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, მზად არის, ტესტი ჩაიტაროს და ყველა პროცედურა გაიაროს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ დაკავებულების მიმართ უზარმაზარი ზეწოლა მიმდინარეობს და ისინი სრულიდ იზოლირებული არიან.

„მათთან მხოლოდ ადვოკატებს უშვებენ. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მივიღე, რომ ეს სინდისის ტუსაღები მომენახულებინა. მიზეზია პანდემია და ჯანდაცვის უსაფრთხოების ზომები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ტესტირებას გავივლი რამდენჯერაც საჭიროა, სამი დღით თუ რამდენიმე საათით ადრე. ყველას დავარწმუნებ, რომ ჩემი შესვლა და პატიმრების მონახულება არ წარმოადგენს რაიმე რისკს არც მათთვის და არც არავისთვის. უნდათ, ეს ადამიანები ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდეთ და გარესამყაროს მოწყდნენ. როგორც აღმოჩნდა, იმდენად წესიერი და პრინციპული ადამიანები არიან, რომ მათ ვერავითარი ზეწოლა ვერ შეაშინებთ და ისინი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ვერ იქნებიან გამოყენებული. ეს არის სამარცხვინო ფაქტი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ბერიასა და რეპრესიების საქმეების რიგში ჩადგება“, – აცხადებს გოცირიძე.

კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ არა დავით გარეჯის საქმეზე ბრალის წარდგენა მიხეილ სააკაშვილისთვისაც მოხდეს, გოცირიძე პასუხობს, რომ სააკაშვილის ხსენება და მისთვის სულელური ბრალის წარდგენა მორიგი წინასაარჩევნო პიარი იქნება.

„თვიანთი გონებით ჰგონიათ, რომ თურმე, ეს არჩევნებში გამოადგებათ. ამას ამ 20 დღეში ვერ მოასწრებენ და რომც წარუდგინონ, უკან ბუმერანგივით ისე ცუდად შემოუბრუნდებათ, როგორც კარტოგრაფების საქმე. საქართველოში ერთი გონიერი ადამიანიც არ მეგულება, ვინც დაიჯერებს, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები და სამშობლოს საწინააღმდეგო ქმედებებს ეწეოდნენ. გონიერი და ღირსეული სასულიერო პირების განცხადება მოვისმინეთ. ამ საქმის არავის სჯერა, ეს არის წინასაარჩევნოდ შეთითხნილი საქმე“, – განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ნებართვის მისაღებად რამდენიმე დღის წინ მიმართა. რეგლამენტით, პარლამენტის წევრს პატიმრის მონახულების უფლება აქვს, მაგრამ მას ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა სჭირდება.

დატოვე კომენტარი