რომან გოცირიძე - ყოველთვის ყველამ იცოდა, რომ „რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის იყო
რომან გოცირიძე - ყოველთვის ყველამ იცოდა, რომ „რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის იყო

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, ყოველთვის ყველამ იცოდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის იყო.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში არასოდეს ყოფილა.

„ის, რომ „რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის იყო, ყოველთვის ყველამ იცოდა. ის, რომ ქიბარ ხალვაში იყო ნომინალური მესაკუთრე, წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორს და იყო ფიქტიური მესაკუთრე, სამწუხაროდ, იმ დროიდან მოყოლებული ყველამ იცოდა. იმ დროშიც და ხელისუფლებაშიც იყო ხარვეზები და მედიასთან დაკავშირებით არასწორი პოლიტიკა, რომელმაც თავი დღეს იჩინა.

„რუსთავი 2“ არასოდეს არ ყოფილა ქიბარ ხალვაშის საკუთრება. ის, რომ ქიბარ ხალვაში არ იყო „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე, ეს ძალიან კარგად იციან დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ. ჰკითხეთ და გეტყვიან, რომ ქიბარ ხალვაში მესაკუთრე არ იყო. ძალიან კარგად იციან, მათი წილების გამოსყიდვა ვისი ფულებით მოხდა. ისიც კარგად იციან, რომ „რუსთავი 2“-ის გამოსყიდვის პროცესში მაშინდელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა, რომელიც იმ დროს ბადრი პატარკაციშვილის მოწინააღმდეგე იყო და არ აწყობდა. ეს ყველაფერი იცოდა ეროსი კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“ის წილის დათმობების პროცესი, მათ შორის ივანიშვილის როლი ამ პროცესში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანეს. ამასთან, „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ სარჩელის შეტანის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს ქალაქ ბერლინში დაიდო.