რომან გოცირიძე - ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა
რომან გოცირიძე - ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა

ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ორ დღეში 2000 შემთხვევა უფრო მეტია, ვიდრე იყო იტალიაში“.

„ეს ორი ათასი კაცი სად არის, ვიცით? სახლებში არიან? ნაცნობმა მითხრა, რომ მის ახლობელს დაუდასტურდა, სიცხე არ აქვს, უსიმპტომოა და წავიდა კახეთში, რთველში. ვინმე ამ ორი ათასი ადამიანის კონტროლს ახორციელებს, თუ მხოლოდ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული? თუ თვითშეგნებაზეა საუბარი, ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდა უნდა ყოფილიყო გაწეული და არა ჰარი-ჰარალე, „კოვიდზე“ გამარჯვებული პარტიის გაზეთებს რომ არიგებდნენ და მოქალაქეებს სიფრთხილე დაუკარგეს. გაფრთხილებაც კი არ იყო, წესები დაეცვათ. საწყალი მოწოდება იყო, ქორწილი და ძეობა მომავალ წელს ერთად აღვნიშნოთო. მთავრობა ახლა რატომ დუმს? ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, არავინ ელოდა ამას და როცა არ ელოდები, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უნარი არ აქვს, შემდეგი ნაბიჯები დაგეგმოს“, – განაცხადა გოცირიძემ.