რომან გოცირიძე - უკვე მეორე საგანგაშო მოვლენაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტი კვლავ იწყალებს მკვლელს 
რომან გოცირიძე - უკვე მეორე საგანგაშო მოვლენაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტი კვლავ იწყალებს მკვლელს 

ერთია, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ მეორეა თავად პროცესი, ვინ შესთავაზა პოლიციელის მკვლელის შეწყალება, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც კრიმინალთან დაახლოებული მკვლელი გამოაშვებინა პრეზიდენტს ციხიდან, რის სანაცვლოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ამ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით, ხომ არ იყო კორუფციული ან სხვა სახის შემთხვევები.

ეს უკვე მეორე საგანგაშო მოვლენაა, ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც კვლავ იწყალებს მკვლელს ისე, რომ არავითარი წინასწარი მოსამზადებელი მექანიზმები არ არსებობს. ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც დაარწმუნეს ზურაბიშვილი, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული. შედეგი არის ძალიან ცუდი, შედეგი არის ის, რომ პრეზიდენტი არ არის სანდო. ის არ იქცევა ადეკვატურად.  მოსდის ძალიან სერიოზული შეცდომები. თუ ამ სფეროში შეცდომა მოგივა, რა გამორიცხულია, რომ სხვა სფეროშიც არ მოუვა, თან ქვეყნის მთავარსარდალი ჰქვია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული.