რომან გოცირიძე - უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დავაყენებთ
უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიამ უნდა გამოიძიოს დანაშაულებები გავრილოვის შემოყვანით დაწყებული, 20 ივნისით ღამით დამთავრებული.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, თუ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ, მომავალი პარლამენტი ამას აუცილებლად გამოიძიებს.
„როდემდე უნდა ველოდოთ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ან სხვა იმ დანაშაულების, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ამიტომ, ამ ხელისუფლების პირობებში ბუნებრივია, ეს საკითხი და დანაშაულები არ იქნება გამოძიებული. შევქმნით კომისიას. თუ ეს პარლამენტი მხარს არ დაგვიჭერს, მოვა სულ მალე სხვა ხელისუფლება და გამოიძიებს ყველა იმ დანაშაულს, რაც მოხდა ამ დღეებში.
დარწმუნებული ვარ, მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვერ შემოიფარგლებიან ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ დღეს მიდის აქციები. იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ პოლიტიკოსის, თუ არაპოლიტიკოსის, ვინც რუსთაველზე სისხლი დაღვარა. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ გახარიას პასუხიმგებლობა რომ მხოლოდ პოლიტიკურად არ შემოიფარგლება, ეს დღესავით ნათელია. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება და შესაძლებელია რიგგარეშე სხდომაზე, ჩვენ მოვითხოვთ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და იყოს ყველაფერი ობიექტურად გამოძიებული“, – განაცხადა გოცირიძემ.