რომან გოცირიძე - თუ ვინმე იტყვის, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში არ არის, ეს ადამიანი არის მოღალატე, ასეთი არავინ არსებობს
რომან გოცირიძე - თუ ვინმე იტყვის, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში არ არის, ეს ადამიანი არის მოღალატე, ასეთი არავინ არსებობს

პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგი და აზერბაიჯანული მხარის მიერ გადმოდგმული სასიკეთო დიპლომატიური ნაბიჯი იქნება, თუ მოხდება ტერიტორიის გაცვლა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია, ამ მეთოდის ამორჩევა დამოკიდებული იქნება ხელისუფლების უნარზე, დაარწმუნოს მეზობელი სახელმწიფო, რუკებში სიახლე არაფერია,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით, გარეჯის საქმე წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

გოცირიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ტერიტორიის სადავო ნაწილი უნდა მოექცეს საქართველოს შემადგენლობაში, თუნდაც, ტერიტორიების გაცვლის საფუძველზე.

„უნდა გამოსწორდეს ის, რაც გააფუჭა ხელისუფლებამ და სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ავტომატიან ხალხთან მივიდა. უნდა დაუშვან როგორც ტურისტები, ასევე სასულიერო პირები იმ ადგილებზე, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ ვითარების გამწვავებამდე თავისუფალი იყო. პირველ რიგში, უნდა მოიხსნას კონფრონტაცია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაბრუნდნენ იმ ადგილებში, სადაც მანამდე იყვნენ. უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებების პოლიტიკა, რათა ეს ტერიტორია მოექცეს საქართველოს ტერიტორიაში. პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგი და აზერბაიჯანული მხარის მიერ გადმოდგმული სასიკეთო დიპლომატიური ნაბიჯი იქნება, თუ მოხდება ტერიტორიის გაცვლა, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში. ამ მეთოდის ამორჩევა დამოკიდებული იქნება ხელისუფლების უნარზე, დაარწმუნოს მეზობელი სახელმწიფო. რუკებში სიახლე არაფერი არ არის. გაირკვა, რომ უამრავი მსგავსი რუკა არსებობს და სხვადასხვა ეტაპზე იყო გამოყენებული, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე აღიარებდა მხოლოდ 1991 წლის მდგომარეობას, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ამ ამოსავალი წერტილიდან უნდა მოხდეს დიპლომატიური ძალისხმევა, რომ ეს ტერიტორია მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში მოექცეს. ეს არის პოლიტიკური საკითხი, მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის, ტერიტორიის ეს სადავო ნაწილი უნდა მოექცეს საქართველოს შემადგენლობაში, თუნდაც ტერიტორიების გაცვლის საფუძველზე.

ეს პროცესი მიდიოდა არც თუ ისე ცუდად, რადგან მაშინ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე ახლა. დამატებითი არგუმენტი რა შეიძლება იყოს? რუკები? ეს ისედაც ცნობილი იყო. იგივე რუკა აღმოჩნდა იმ კაბინეტში, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პირი ზის და სამარცხვინოდ იტყუებიან, რომ დამალული იყო რუკებიო. ილიჩოვამ ეს რუკები იმ ადამიანს გადასცა, ვინც ის შეცვალა. კაბინეტში დევს რუკები და დამალულია?

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პროცესია, როგორც კი არჩევნები მორჩება, ისევ დაავიწყდება „ქართულ ოცნებას“ ეს საკითხი, როგორც ჟვანიას საქმე. სად არის ოთხი წელი, რატომ არ ამბობენ, ვიღაცამ საფერფლე ჩაარტყა თავშიო? ოთხი წელი ამ თემით სპეკულირებდნენ. ეს არის წინასაარჩევნოდ შემოგდებული თემა, მაგრამ უკან მძიმედ მოუბრუნდებათ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის განმარტებით, პროცესი უნდა შემობრუნდეს, მოხდეს საბოლოოდ დემარკაცია ისე, რომ ყველა სადავო ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში მოექცეს. გოცირიძის განცხადებით, ეს ორ ხელისუფლებას შორის დილომატიურად მოსაგვარებელი საკითხია.

„თუ ვინმე იტყვის, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში არ არის, ეს ადამიანი არის მოღალატე, ასეთი არავინ არ არსებობს. ეს არის წინასაარჩევნოდ შემოგდებული თემა, რომელიც უკან ათასჯერ უფრო მწარედ შემოუბრუნდებათ. დავით გარეჯი არის საქართველო და მისი დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მიდიოდა ნელ-ნელა პროცესი, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად ჯარი ჩააყენებინათ და წვდომა არ აქვთ არც სასულიერო პირებს და არც ტურისტებს, რაც ორი წლის წინ არ იყო. ვითარება როდის გაფუჭდა? ამ ხელისუფლების დროს. პროცესი უნდა შემოვაბრუნოთ, პროცესი ყველასთვის უნდა გაიხსნას და მოხდეს საბოლოოდ დემარკაცია ისე, რომ ყველა სადავო ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში მოექცეს.

ეს თემა არის ორ ხელისუფლებას შორის დილომატიურად მოსაგვარებელი საკითხი. ამ ხელისუფლებამ ეს რომ გააფუჭა და უკან დავიხიეთ ძალიან მძიმედ, არის ძალიან ცუდი. აზერბაიჯანი უნდა დავარწმუნით იმაში, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია და თუ საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტებს რაღაც შეცდომა მოსდიოდათ, არ შეიძლება, ეს ჩაითვალოს, რამე ფორმით საკითხის დასაყენებლად, რომ გარეჯის თუნდაც პატარა ნაკუწი საქართველოს არ ეკუთვნის.

უნდა დავარწმუნით, დემარკაცია ისე მოხდეს, რომ ყველაფერი მოექცეს საქართველოს საზღვრებში. თუ ყველაფერი ამ რუკაზეა დამოკიდებული, მაშინ გადაწყვეტილი ყოფილა და ხვალვე აზერბაიჯანი გაიყვანს იმ ჯარებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჩააყენა. ეს რუკა და მსგავსი რუკები მილიონია, საუბარია ორმხრივ შეთანხმებაზე და არ წყდება მხოლოდ რუკების დავით, წყდება კეთილი ნებით, პირველ რიგში აზერბაიჯანული მხარის. ეს კეთილი ნება არსებობდა და პროცესი იქითკენ იყო მიმართული, რომ დემარკაცია მომხდარიყო და საქართველოს ტერიტორიაზე სადავო ნაწილიც მოქცეულიყო“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

დატოვე კომენტარი