რომან გოცირიძე - თუ ადრე ამომრჩეველს ლამაზი ყუთით კარტოფილს მიართმევდნენ, ახლა პირდაპირ ფულს აძლევენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების წინ, ხელისუფლების მხრიდან ტოტალურ მოსყიდვას აქვს ადგილი.
„გრძელდება ის, რისი ტრადიციაც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ დაამკვიდრა – მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება, მათ შორის კრიმინალების მონაწილეობით. ზუგდიდის რაიონში სოფლებში უამრავი ადამიანი ამბობს, რომ კრიმინალები, რომლებიც პოლიციასთან და ხელისუფლებასთან არიან შეზრდილი, აგროვებენ ნაცნობებს. არჩევნებში კრიმინალების გამოყენების პრაქტიკა გახდა „ქართული ოცნების“ ნოუ ჰაუ. ფაქტობრივად, მოსყიდვამ ტოტალური ხასიათი მიიღო. თუ ადრე ლამაზი ყუთით კარტოფილს მიართმევდნენ, ახლა შეთავაზება გაზრდილია და პირდაპირ ფულს აძლევენ. უამრავი მეთვალყურე გვყავს, გაყალბების უფლებას არ მივცემთ. ათასობით ადამიანი დავდგებით ზესტაფონში, ზუგდიდში. იმ დღეს ვერ გააყალბებენ, მაგრამ მანამდე რა ვუყოთ პროცესს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.