რომან გოცირიძე - თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ვერ დამტკიცდა, რაც შეიძლება, სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს
რომან გოცირიძე - თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ვერ დამტკიცდა, რაც შეიძლება, სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ვერ დამტკიცდა, რაც შეიძლება, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა საკითხზე კომენტარს თავს არიდებს.

„შეიძლება, დამნაშავე იყოს, როგორც უნივერსიტეტი, ასევე ის ადამიანი, ვინც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა. დღეს საუბარია არა იმაზე, შეესაბამება თუ არა მისი საბუთები სასურველ თანამდებობას, არამედ დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის დევნა”, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, რომან გოცირიძე თადუმაძის შეფასებას გამოეხმაურა „დიდოსტატის მარჯვენასთან“ დაკავშირებით.

„კონფერენციაზე უთქვამს, რომ კითხვა არასწორად იყო დასმული. „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი წიგნი არ არსებობს, თურმე არსებობს წიგნი „დიდოსტატი კონსტანტინეპოლის მარჯვენა“. სწორია, კარგად თქვა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ის რამდენიმე დღის წინ პარლამეტში მოსმენას გამოეხმაურა და პროკურორებს მიმართა: „ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

დატოვე კომენტარი