რომან გოცირიძე - სოსო თოფურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ჭორების შედეგია, აბნევენ ხალხს, უნდათ, განხეთქილება შეიტანონ „ნაციონალურ მოძრაობაში“
რომან გოცირიძე - სოსო თოფურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ჭორების შედეგია, აბნევენ ხალხს, უნდათ, განხეთქილება შეიტანონ „ნაციონალურ მოძრაობაში“

სოსო თოფურიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ჭორების შედეგია, აბნევენ ქართველ ხალხს, უნდათ, განხეთქილება შეიტანონ „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

„ასეთი ინფორმაციის გავრცელება არის „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ჭორების შედეგი, სუს-ის ნამუშევარი. აბნევენ ქართველ ხალხს. უნდათ, განხეთქილება შეიტანონ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რათა ჩვენს მხარდამჭერებში არაჯანსაღი ეჭვები გააჩინონ. თურმე, ნიკა მელია თვეში ხარჯავს 1,5 მლნ ლარს და ოთხი ათასს ბენზინს. თუ თვეში ამას ვხარჯავთ, წელიწადში 18 მლნ გამოვა, პარტია 18 მილიონს რომ ხარჯავდეს, „ქართულ ოცნებას“ შევცვლიდით. ეს ყველაფერი არის სისულელე. მისი გავრცელება „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ციფრები დაჯღაბნილია „ქართული ოცნების“ ტროლების მიერ სოციალურ ქსელში“, – განაცხადა გოცირიძემ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“.