რომან გოცირიძე - შეთანხმების ჩაგდება მძიმე შედეგებით დასრულდება, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ „ტრიუკის“ ჩატარებას მეორედ არავინ აპატიებს
რომან გოცირიძე - შეთანხმების ჩაგდება მძიმე შედეგებით დასრულდება, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ „ტრიუკის“ ჩატარებას მეორედ არავინ აპატიებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ძალიან სერიოზული დაბნეულობაა და მათი კომენტარები ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ პირდაპირი სიგნალი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები გავა თუ არა, ეს დამოკიდებულია ერთ ადამიანზე – ბიძინა ივანიშვილზე.

„იმაზეც, თუ რამდენად აქვს მას გათვითცნობიერებული ის ფაქტი, რომ ამ შეთანხმების ჩაგდება იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი როგორც ქვეყნისთვის, ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. გადაწყვეტილება მიღებული იქნება კვირას, დღეს ძალიან სერიოზული დაბნეულობაა „ქართულ ოცნებაში“ და მათი კომენტარები იმას ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ პირდაპირი სიგნალი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კვირას.

დღეს რაიმეს დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია. წინა შემთხვევაშიც ამბობდნენ, რომ ხმები გარანტირებული იყო, თუმცა შემდეგც ვიღაც 40 უსახელო ადამიანი აღმოჩნდა, რომელთაც ვითომ, ბუნტი მოაწყვეს. ვერ ვენდობით „ქართული ოცნების“ ვერც ერთ სიტყვას, რადგან არაფერს წარმოადგენენ, უყურებენ, ბიძინა ივანიშვილს. კვირა დილით რა სიგნალიც მოვა, იმ ღილაკს დააჭერენ ხელს. ერთადერთი გარანტია, რომ შეთანხმება გავიდეს, არის პროცესში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობა.

თუ შეთანხმებას ბიძინა ივანიშვილი ჩააგდებს, ეს დასრულდება მძიმე შედეგებით როგორც მისი ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე ქვეყნისთვის, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებებზე. არ მგონია, მეორეჯერ მსგავსი ტყუილი და „ტრიუკის“ ჩატარება „ქართულ ოცნებას“ ვინმემ აპატიოს“, – განაცხადა გოცირიძემ.