რომან გოცირიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს ფინანსურ სფეროში
რომან გოცირიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს ფინანსურ სფეროში

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი ინტერესის განსაკუთრებული სფეროა, რადგან ბოლო პერიოდში ფაქტობრივად, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, სამეურვეო საბჭო ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს ფინანსურ სფეროში, თუმცა ფაქტობრივად, სამეურვეო საბჭოს არავინ არაფერს ეკითხება.

„აუდიტის დასკვნის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო უნდა გადადგეს. პარლამენტს გვაქვს მოთხოვნის უფლება და ამას პლენარულ სხდომაზე, როდესაც ეს საკითხი იქნება განხილული, ჩვენი ფრაქცია ამას დავაყენებთ. თუ კანონის ენით ვილაპარაკებთ, ძირითადი დამნაშავე არის სამეურვეო საბჭო, რადგან სამეურვეო საბჭო ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს ფინანსურ სფეროში, თუმცა ფაქტობრივად, ვიცი, რომ სამეურვეო საბჭოს არავინ არაფერს ეკითხება, რადგან სამეურვეო საბჭოს მართავენ ისინი, ვისაც უნდა მართავდეთ თქვენ. დირექტორები გმართავენ თქვენ, სამწუხაროდ, ასეთია პოლიტიკური რეალობა. რატომ ვერ ამტკიცებთ ამ ბიუჯეტებს ან იმ ცვლილებებს, რომელიც შემდეგ გადახარჯვას ან ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში გადატანას ეხება. თქვენი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არის დამნაშავე. ის ბიჭი, რომელიც ჩვენ კანონიერად დავიბარეთ ფრაქციაში და არ გამოცხადდა, მოვალ კომიტეტში, ანგარიშს ჩაგაბარებთო. კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, როცა დაგიბარებთ, უნდა მობრძანდეთ. მოგვწერა სულელური წერილი და მერე წავიდა”, – განაცხადა რომა გოცირიძემ.

დეპუტატი დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამუშაო გრაფიკით და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჰკითხა, რა ინტენსივობით იკრიბებიან.

„რა ინტენსივობით იკრიბებით სამეურვეო საბჭო, თქვენი მუშაობის გრაფიკი როგორია, წელიწადში ერთხელ მიდიხართ, თუ თვეში ერთხელ? რაიმე შიდა დისციპლინა, გაცვლა-გამოცვლა ინფორმაციების გაქვთ? სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი არის ავადმყოფი ადამიანი, ვინმე იაკობაშვილის ფეისბუქ პოსტების 90% არის აგებული სექსუალურ თემატიკაზე. ყავს გმირი, კინო უნახავს „არმაგედონი“, „არმაგედონის ზანგი“ – ასე მოიხსენიებს, სურათი უდევს დაკუნთული სექსგიგანტი, მისი აზროვნებით და ვინც არ მოსწონს, აგზავნის „არმაგედონის ზანგთან“. ოღონდ სხვანაირი სიტყვებით. არმაგედონის ზანგთან გააგზავნა სახალხო დამცველი, ოპოზიციის ლიდერები, ყველა ნახევარი საქართველო ამ „არმაგედონის ზანგს“ ყავს გაუპატიურებული. ეს კაცი ვინ არის, საიდან მოვიდა? ამას მე პლენარულ სხდომაზე ვიტყვი და დავასაბუთებ დოკუმენტაციით. საიდან გაჩნდა ეს კაცი? გია იაკობაშვილის ფეისბუქზე შედით, ღიაა, იმასაც ვერ ხვდება, რომ ასეთ რაღაცეებს არ უნდა წერდეს. როგორ მუშაობთ ერთად, როგორ იხილავთ იაკობაშვილთან ერთად ბიუჯეტს, საერთოდ რამდენჯერ შეიკრიბეთ”, – აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატის კითხვაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საბჭო მუდმივად მზად არის ყველას შეხვდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს.

„ბატონმა რომანმა დიდი აგრესია გამოიჩინა, შეიძლება ამას ჰქონდეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. სამეურვეო საბჭო და პირადად მე, ღია ვართ, მზად ვართ ყველას შევხდეთ, აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება იმას, რომ მოვისმინო დამატებით ჩემი კოლეგების ლანძღვა, ძალიან უხერხულია ამის მოსმენა და ნაკლებად გავაკეთებ. ანალოგიურად შემიძლია გკითხოთ, აქაც თქვენთან პარლამენტში, სხვადასხვა ფრთები ხართ და როგორ ახერხებთ ერთად შეხვედრას, როგორ იღებთ გადაწყვეტილებებს? იგივე შეკითხვა მაქვს”, – აღნიშნა ფუტკარაძემ.

ირინა ფუტკარაძის კითხვას რომან გოცირიძემ ასე უპასუხა: „ჩვენ დაპირისპირებული ვართ პოლიტიკურად და „არმაგედონის ზანგი“ არ გვყავს ჩვენ და „გლადიატორის ზანგი“ იმათ”, – აღნიშნა გოცირიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიში წარადგინა.