რომან გოცირიძე - საუბარი, რომ სიგარეტი ვერ გავყიდე და ტელევიზია დაიხურება, არასწორია
რომან გოცირიძე - საუბარი, რომ სიგარეტი ვერ გავყიდე და ტელევიზია დაიხურება, არასწორია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ტელეკომანია „იბერიის“ გარშემო განვითარებულ პროცესებზე ნეიტრალური და ობიექტური მოკვლევა უნდა ჩატარდეს, ბიზნესზე ზეწოლა მედიასაშუალების გაჩერების მიზნით ხორციელდება თუ სხვა რაიმე მიზნით.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, საზოგადოება ხელისუფლებას ყველაზე მეტად მედიასთან მიმართებით არ ენდობა და ამ მიმართულებით ეჭვები ყოველთვის არსებობს.

„ნებისმიერი საქმე, რომელიც მედიასაშუალებებს ეხება, ობიექტურად შეფასებული უნდა იყოს და მაუწყებლების წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ. ნეიტრალური და ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, ბიზნესზე რაიმე ტიპის ზეწოლა რაღაც მიზნით ხდება თუ მედიამაუწყებლის გაჩერებისთვის. საუბარი იმის შესახებ, რომ სიგარეტი ვერ გავყიდე და ტელევიზია დაიხურება, არც ესაა სწორი. საჭიროა, ობიექტური შესწავლა, რათა მედია სახელმწიფოს ზემოქმედებისგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“.