რომან გოცირიძე - საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომი განმტკიცებისთვის შავ ზღვაზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანია
რომან გოცირიძე - საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომი განმტკიცებისთვის შავ ზღვაზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომი განმტკიცებისთვის შავ ზღვაზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე ნატო-ს მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

„ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესების შეზღუდვაა. იცით, რომ შავი ზღვა ჩაკეტილია, სადაც სამხედრო ყოფნა შეუძლებელია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც არ არიან შავი ზღვის ქვეყნები და ამ ვითარებაში  საქართველოს როლი მნიშვნელოვნად იზრდება, თუნდაც, რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში და ეს ქვეყანამ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა გოცირიძემ.

ნატო-მ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი დაამტკიცა. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, აღნიშნული პაკეტი აერთიანებს ზომებს, რომელთა მიზანია, შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განმტკიცება.