რომან გოცირიძე - საპარლამენტო კვირა დაიწყება, ნიკა მელია თავისი ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და პარლამენტში არ მოგაწყენთ
რომან გოცირიძე - საპარლამენტო კვირა დაიწყება, ნიკა მელია თავისი ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და პარლამენტში არ მოგაწყენთ

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარტიაში განსხვავებული აზრის არსებობა ჯანსაღი პროცესია.

როგორც ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნება“ არ არის, სადაც საკმარისია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსხვავებული აზრი თქვა, რომ მომენტალურად განადგურებელი ხარ.

„ეს ასე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს მოუვიდათ. პარტიიდან ლიდერები გაყარეს და არა – წევრები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი წონადი პოლიტიკოსია, თავიანთი წარსულითა და დიდი გამოცდილებით. შეიძლება, ბევრს განსხვავებული აზრი ჰქონდეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი, ყოველთვის აზრთა ჭიდილია. განსხვავებული აზრის ქონა ბუნებრივი მოვლენაა. პარტიაში განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება, რაც დემოკრატიული პროცესია.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნება“ არ არის, სადაც განსხვავებული აზრის გამო პარტიის წევრებს ანადგურებენ. საპარლამენტო კვირა დაიწყება, ნიკა მელია თავისი ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და პარლამენტში არ მოგაწყენთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.