რომან გოცირიძე - სამწუხაროდ, დრო იკარგება იმის გამო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თბილისში ორი ოლქი დღესაც შეუთანხმებელია
რომან გოცირიძე - სამწუხაროდ, დრო იკარგება იმის გამო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თბილისში ორი ოლქი დღესაც შეუთანხმებელია

ჩვენი ამოცანა საკუთარი ამბიციების დათმობის სანაცვლოდ, სხვა პარტიებისა და პიროვნებებისთვის კარის გახსნაა, რომელიც ერთ დიდ მიზანს – წარუმატებელი და უკვე დანაშაულებრივი ხელისუფლების შეცვლას მოემსახურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო ოლქების გადანაწილების საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

„ჩვენი მიზანია, ფართო კოალიციის შექმნა. ისეთი შეთავაზებაც კი იყო, რომ საერთო სიები ყოფილიყო, რომელსაც პარტიები არ გამოეხმაურნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უფრო მეტი პარტიისა და ძალის გაერთიანება, ვიდრე გახლავთ „ძალა ერთობაშია“, მათ შორის, ცალკეული ცნობილი და ავტორიტეტული პირების შემოერთება დიდ კოალიციაში. ჩვენ ყოველთვის გაერთიანების მომხრე ვიყავით და ეს დავამტკიცეთ, როცა თბილისში რვა ოლქიდან ექვსი ოპოზიციას დავუთმეთ. ეს პროცესი ბოლომდე დღემდე არ არის მისული. სამწუხაროდ, დრო იკარგება იმის გამო, რომ ორი ოლქი დღესაც შეუთანხმებელია. ვემზადებით არჩევნებისთვის. დიდი ალბათობით, იშვიათი გამონაკლისი თუ არ იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს საკუთარ კანდიდატებს ყველგან. თბილისთან მიმართებაში უპრეცედენტო შეთავაზება გავაკეთეთ. „ქართული ოცნება“ წარსულს უნდა ჩაბარდეს და კოალიციურმა ხელისუფლებამ ქვეყანა ჭაობიდან უნდა ამოიყვანოს. პასუხს იმ პარტიებისგან ველოდებით, რომელთა კანდიდატები კონკურენტული იქნება და არჩევნებს პირველივე ტურში დაასრულებენ“, – აღნიშნავს დეპუტატი.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ თბილისში მაჟორიტარული ოლქები დროზე უნდა დაკომპლექტდეს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, მეორე ნაბიჯი გადაიდგას.

„ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა პარლამენტის 80 პროცენტი სიებით ნაწილდება, შეუძლებელია, მაჟორიტარების გარეშე ამ ფლანგზე წარმატებას მიაღწიო. იშვიათი გამონაკლისის გარდა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. რაც შეეხება თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას, კანდიდატურები დარჩენილი ოლქის იმ პარტიებმა უნდა წარმოადგინონ, ვისაც ჩვენი წინადადება შევთავაზეთ და საკუთარი ამბიციები დავთმეთ. ამ გადაწყვეტილებებს პარტიები ერთად იღებდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.