რომან გოცირიძე - სახელმწიფო სტრუქტურებში იკვეთება ბიუროკრატიის ზრდა და ნეპოტიზმი
რომან გოცირიძე - სახელმწიფო სტრუქტურებში იკვეთება ბიუროკრატიის ზრდა და ნეპოტიზმი

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს და მათთვის რამდენი მილიონი ლარი იხარჯება, ამ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს. მისი თქმით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შტატგარეშეების თაობაზე 150 უწყების კვლევა ჩაატარა და იკვეთება ბიუროკრატიის ზრდა და ნეპოტიზმი.

„რამდენი ადამიანია ქვეყანაში შტატგარეშე თანამშრომელი და რამდენი იღებს ხელფასს, ეს არავინ იცის. ასეულობით მილიონი იფლანგება და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური აქტივია და მათთვის ეს ადგილები თავშესაფარია. ეს კვლევა არის, როგორც სარკე, რომელიც სინახინჯეებს აჩვენებს“, – განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, გოცირიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2021 წლებში ჯამში გაიცა დაახლოებით 14.6 მლრდ. ლარის ოდენობის ხელფასი, მათ შორის, შტატგარეშეებზე 1.8 მლრდ. ლარი.

„იმავე პერიოდში ერთი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საშუალოდ შეადგენს 12.3 მლრდ. ლარს. ანუ, ამ ცხრა წლის განმავლობაში გაცემული შრომის ანაზღაურება აღემატება ერთი წლის საშუალო ბიუჯეტს. თვალშისაცემია, შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. 2013-2021 წლებში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ (ყოველწლიურად) იზრდება 18%-ით, მაშინ, როდესაც შტატიანების ხელფასები იზრდება 4%-ით. ეს ყოველივე დასტურია იმისა, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული. 2021 წელს 2013 წელთან შედარებით შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასები 238 მილიონი ლარითაა გაზრდილი, 2015 წელთან და 2018 წელთან შედარებით კი შესაბამისად 179 მილიონი ლარით და 112 მილიონი ლარით. კვლევიდან ირკვევა, რომ ზემოთ წარმოდგენილ სახელმწიფო დაწესებულებებში შტატგარეშე თანამშრომელთა საშუალო თვიური ხელფასი 2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 1455 ლარს, ხოლო შტატიანების კი 2129 ლარს. დასაქმებულთა დაკომპლექტება ხდება პრინციპით: „ცოტ-ცოტა და ყველას“. სხვაობა შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასების დონეში არის 46 პროცენტი. რაც შეიძლება მეტის დასაქმება მცირე ანაზღაურებით პოლიტიკური მოტივითაცაა განპირობებული. ასეთი მიდგომა ორიენტირებულია არა შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე და რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე, არამედ მმართველ პარტიასთან პოლიტიკურად დაკავშირებული აქტივისტების დასაქმებაზე, რომლებიც საარჩევნო პერიოდში მოგვევლინებიან, როგორც პარტიის აგიტატორები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს მუნიციპალურ სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში“, – დასძინა გოცირიძემ.