რომან გოცირიძე - სახალხო დამცველობის 19 კანდიდატის წარდგენა ცუდი გადაწყვეტილება იყო, პარლამენტში არ უნდა გამოვიდეს ის, ვინც კომისიისგან ერთი ან ორი ქულა მიიღო
რომან გოცირიძე - სახალხო დამცველობის 19 კანდიდატის წარდგენა ცუდი გადაწყვეტილება იყო, პარლამენტში არ უნდა გამოვიდეს ის, ვინც კომისიისგან ერთი ან ორი ქულა მიიღო

19 კანდიდატის წარდგენა იყო ცუდი გადაწყვეტილება, რადგან პარლამენტში არ უნდა გამოვიდეს ის კანდიდატი, რომელმაც კომისიის მხრიდან ერთი ან ორი ქულა მიიღო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, უნდა მოუსმინონ იმ კანდიდატებს, რომლებიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ 19 კანდიდატს შორის სახელისუფლო კანდიდატებიც იქნებიან და „ქართული ოცნება“ მათ არჩევას შეეცდება.

„რატომ არსებობდა მაშინ კომისია, რომელიც ფილტრი იყო? იმ კანდიდატებს უნდა მოვუსმინოთ, ვინც აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, რაც არის პროფესიონალიზმი და სხვა უამრავი ჩამონათვალი. როცა ხელისუფლება დემაგოგიურად ამბობს, რომ თავისი კანდიდატები არ ჰყავს და არ დაასახელებს, სინამდვილეში, კანდიდატები ჰყავთ, რომლის დამსახელებელიც არ ჰყავდა, რადგან ოპოზიციამ ის კანდიდატები შეარჩია, ვინც დამოუკიდებელია. ამ 19 კანდიდატს შორის ხუთი-ექვსი იქნება სახელისუფლო კანდიდატი და შეეცდებიან, ისინი გაათრიონ. ორი ხმა აკლიათ და ამ ხმების მოძიებას შეეცდებიან. ეს კარგი პროცესი არ არის და კანონს ეწინააღმდეგება“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაასახელა კანდიდატები, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობა სურთ. ამასთან, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, პარლამენტში წარადგინონ 19-ვე კანდიდატი და ამის შესაძლებლობას იძლევა რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება. ოიოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება, სახალხო დამცველობისთვის იბრძოლოს.