რომან გოცირიძე - საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა
რომან გოცირიძე - საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა, ყველაზე კარგად ამის აუცილებლობას მთავრობა უნდა მიხვდეს, რომელიც გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე მოქალაქეები. როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს.

„გადაწყვეტილების მიღება მათი პრეროგატივაა. საგანგებო მდგომარეობას სხვა სირთულეები მოჰყვება, მათ შორის ეკონომიკის გაჩერების სახით. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება როდის უნდა მიიღოს, ეს მთავრობამ უნდა შეაფასოს. მნიშვნელოვანია ის, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს. საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და ხელები დამიბანია, – ასე არ არის. ადამიანი, რომელიც სარჩოს ყოველდღიური შრომის შედეგად შოულობდა, როცა სახლში დარჩება, უნდა იცოდეს, რომ შუქი არ გაეთიშება და წყალს არ დაუწყვეტენ. საგანგებო მდგომარეობას მომზადებული ფინანსური, ეკონომიკური და საორგანიზაციო პაკეტი უნდა ახლდეს. საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა“, – განაცხადა გოცირიძემ.