რომან გოცირიძე - საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა, კონკრეტულ გვარებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც გადანაწილდება ოლქები პარტიების მიხედვით
რომან გოცირიძე - საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა, კონკრეტულ გვარებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც გადანაწილდება ოლქები პარტიების მიხედვით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, თუ არჩევნები არ ჩატარდება სასურველი მოდელით, ოპოზიციას აქვს სარეზერვო გეგმა, რომელიც ეხება მაჟორიტარული ოლქების კანდიდატების საკითხზე მაქსიმალურ კოორდინაციას და საერთო კანდიდატების წარდგენას.

„გვაქვს სარეზერვო გეგმა და ეს არის მაქსიმალური კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის წარმომადგენელი ერთი-ერთზე დარჩეს „ქართული ოცნების“ კანდიდატთან. ასეთ შემთხვევაშიც დიდი ალბათობით „ქართული ოცნება“ მარცხდება. ეს არის მეორე გეგმა. ხელისუფლებას უნდა დროის გაწელვა. არ არის გულწრფელი ამ მოლაპარაკებებში და მას უნდა, რომ მივიდეს იმ დრომდე, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებები უკვე შეუძლებელი იქნება და მერე გადააბრალოს ყველაფერი ოპოზიციას. ჩვენ მზად ვართ, ხელისუფლების მხრიდან წინადადების მოსასმენად. ველოდებით, რა უნდათ მათ და აპირებენ თუ არა კიდევ ერთხელ მოტყუებას როგორც საკუთარი თავის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების. თუ იქნება ადეკვატური წინადადება და ისეთი შემოთავაზება, რომელიც ახლოს იქნება პროპორციულთან, ბუნებრივია, დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას“, – განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატთა დასახელებას, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ჯერ პარტიაში ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და კონკრეტულ გვარებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც ოლქები პარტიების მიხედვით გადანაწილდება.

„ბუნებრივია, პარტიებს ექნებათ კვოტები და შესაბამისად, თავად გადაწყვეტენ, თუმცა ჯერ ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ოლქების სავარაუდო გადანაწილებაზე მიდის საუბარი, მხოლოდ პარტიებს შორის, და შემდეგ დავიწყებთ რეგიონებზე მსჯელობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.