რომან გოცირიძე - საარჩევნო კანონში ცვლილებებმა ვერ გადაჭრა ვერც ერთი ის პრობლემა, რითაც ხდება არჩევნების გაყალბება
რომან გოცირიძე - საარჩევნო კანონში ცვლილებებმა ვერ გადაჭრა ვერც ერთი ის პრობლემა, რითაც ხდება არჩევნების გაყალბება

საარჩევნო კანონში ცვლილებებმა ვერ გადაჭრა ვერც ერთი ის პრობლემა, რაც ახასიათებს არჩევნებს და რითაც ხდება არჩევნების გაყალბება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, კვლავ შენარჩუნებულია მოტყუების, დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მექანიზმები და სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის ელჩმა.

„არც ერთი ეს საკითხი არ არის მოგვარებული. პირიქით, ზოგიერთი მიმართულებით გვაქვს გაუარესება. მაგალითად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხში ითვალისწინებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, საერთოდ დაივიწყეს ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი არჩევნები გახადეს მეორეხარისხოვნად, ისევე როგორც მაუწყებლებთან დაკავშირებული ცვლილებებით წინ გადადგმული ნაბიჯის ნაცვლად, მივიღეთ გაუარესებული საარჩევნო კანონი. ელჩების ენა უნდა წავიკითხოთ არაელჩების ენით – გვეუბნებიან, რომ კვლავ აგრძელებთ დაშინებას, მოსყიდვას, სუს- ისა და სხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამაზე ნათლად რა უნდა დაწერონ ელჩებმა? გვეუბნებიან, რომ არ ვარგა ეს კანონი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.