რომან გოცირიძე - რუსეთში ხალხი ღილაკიან ტელეფონს ეძებს, დეფიციტშია, ამიტომ დროზე შეუერთდით სანქციებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ მოუწევს ვიღაცებს სანქციების დაწესება, განსაკუთრებით ეს ეხებათ მოსამართლეებს
რომან გოცირიძე - რუსეთში ხალხი ღილაკიან ტელეფონს ეძებს, დეფიციტშია, ამიტომ დროზე შეუერთდით სანქციებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ მოუწევს ვიღაცებს სანქციების დაწესება, განსაკუთრებით ეს ეხებათ მოსამართლეებს

რუსეთში ხალხი ღილაკიან ტელეფონს ეძებს, დეფიციტშია, ამიტომ დროზე შეუერთდით სანქციებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ მოუწევს ვიღაცებს სანქციების დაწესება, განსაკუთრებით ეს ეხებათ მოსამართლეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არავინ სთხოვს, ეროვნულ დონეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

„ვერ გავიგე, სანქციებს მივუერთდით, თუ არ მივუერთდით? რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ დაგვიწესებიაო, რომ აშინებთ აქ ხალხს, ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებას ვინ გთხოვდათ? თურმე ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთიდან არ ვიყიდოთ ხორბალი, არ შემოვიტანოთ საწვავი, არ შემოვიტანოთ გაზი, გაზი სხვა კორუფციული საკითხია, კიდევ უამრავი სხვა. ვინ გეუბნებათ ამას? ან ვინ გეუბნებოდათ, რომ „ბორჯომი“ არ გავიტანოთ. კი გაგვახარეთ, მაგრამ არ გამოდექით მახარობლად. „ბორჯომი“ ჯერ ისევ გაჩერებულია, რომ არ გავიტანოთ მაგალითად ღვინო და სხვა საქონელი. ვინ გეუბნებოდათ ამას? გეუბნებით იმას, რაც გუშინ გითხრათ საფრანგეთის პრეზიდენტმა, რაც გუშინწინ გითხრათ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომ არ უნდა გახდეს საქართველო სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია და როდესაც ასჯერ გეუბნებიან, ე.ი. გაკვირდებიან და იციან. გაკვირდებიან კოსმოსიდან, ინტერნეტიდან, საელჩოებიდან, დაზვერვიდან, არასამთავრობოებიდან, რომლებიც თქვენ გძულთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლება „ორმაგ თამაშს“ ეწევა.

„გუშინ წავიკითხე რუსულ გაზეთ „ვედომოსტიდან“ სტატია, სადაც წერია: ლარსზე გაჩერებულია 3 000 რუსული მანქანა, ემატება ძირითადად თურქეთიდან. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა, წერს რუსეთი. ანუ სიცოცხლის გზა იცით რა არის? აი, „ლადოგის ტბა“ გაიყინებოდა ბლოკადის დროს ლენინგრადში, მასში გადადიოდა ტანკები, ავტობუსები და მარაგდებოდა ლენინგრადი საჭმლით. ასე აღიქმება ეს გზა რუსეთისთვის და თითოეული ეს მძიმე სატვირტო მანქანა რომ შემოვიდესო, საჭიროა 30-დან 40 დღე და გვიშველეთ რაღაც საქართველოში, ამ ტვირთების გატარებაზეო. 3 000 ტვირთიდან რა დევს, იცით, ბატონო ირაკლი? სიტყვიერი დავალება ვის გაუგია? სად არის თქვენი განკარგულება? ბრძანებულება? სად არის საბაჟოში დადგენილება სპეციალური სასაქონლო კოდების მითითებით, რომ ესა და ეს სანქცირებული საქონელი რუსეთში ვერ შევა. სად არის ფინანსთა სამინისტროს დადგენილება? თქვენ ასე ატყუებთ ჩვენს ამომრჩევლებს, ამერიკელ, ევროპელ მეგობრებს. ატყუებთ იმის გამო, რომ ხმამაღლა ეუბნებით, სანქციებს არ ვუერთდებითო, მერე კარასინთან დაარეკინებთ აბაშიძეს. დაურეკავს და ეტყვის, არ დაუჯეროთ, ხომ იცით, პარლამენტში იტყუება, სინამდვილეში ხომ იცით, არავითარ სანქციებს არ ვუერთდებით. აბა, ნახეთ დოკუმენტი გამოცემული გვაქვს თუ არაო. ორმაგ თამაშს ეწევით თქვენ, რომელიც არ გაგივათ.

იცით, რომ რუსეთში საფეიქრო წარმოება გაჩერდა იმის გამო, რომ ღილები არ აქვთ? ძეხვი ვერ გამოუშვიათ, ქაღალდი არ აქვთ. მე რომ დღეს ვიყიდო 1 000 ცალი მობილური ტელეფონი „აიფონი“, „სამსუნგი“ და ჩავდო იმ მანქანაში, რომელიც ლარსზეა გაჩერებული, ვინ მეტყვის, არ შეიტანოო? მძლავრი კომპიუტერი, რომ ვიყიდო და გავიტანო, ვინ გამაჩერებს? სად არის კომპიუტერის სპეციალური კოდი? თქვენ იტყუებით. რუსეთში ხალხი გადარეულია, ეძებს ღილაკიან ტელეფონს, დეფიციტშია. ამიტომ, შეუერთდით დროზე სანქციებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ მოუწევს ვიღაცებს სანქციების დაწესება, განსაკუთრებით ეს ეხებათ მოსამართლეებს და მერე იფრინეთ ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკში და არა პარიზსა და ნიუ-იორკში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.