რომან გოცირიძე - რომელ მზრუნველობაზეა საუბარი, საქილიკოდ გახადეს ერთი კოვზი თაფლი, სააკაშვილის შიმშილობა იმ ზღვარზეა მისული, როცა შეიძლება, სერიოზული საფრთხე დაემუქროს მის ჯანმრთელობას
რომან გოცირიძე - რომელ მზრუნველობაზეა საუბარი, საქილიკოდ გახადეს ერთი კოვზი თაფლი, სააკაშვილის შიმშილობა იმ ზღვარზეა მისული, როცა შეიძლება, სერიოზული საფრთხე დაემუქროს მის ჯანმრთელობას

თითქმის ორი კვირა მთავრდება და რა დროს ეს ინიციატივაა? მიხვდნენ, რომ უგუნური განცხადება გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილმა, საქილიკოდ გახადეს ერთი კოვზი თაფლი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას შიმშილობით შეიძლება, სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

„შეშინებულები არიან და უნდათ, მთავრობის განცხადებების სიმძიმე გადაფარონ და შექმნან, ვითომ, პატიმარ სააკაშვილზე მზრუნველობის განწყობა. სახელმწიფო ინსტიტუტები ისედაც ვალდებული არიან, რომ პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე იზრუნონ. მას არავითარი სპეცკომისია არ სჭირდება, ახლა უკვე არის უკან მიდევნებული ლამპარი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს პირად ექიმთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ, სამი დღეა საშვი ვერ მიიღო სააკაშვილის პირადმა ექიმმა. რომელ მზრუნველობაზეა საუბარი? თუ უნდათ, ჯგუფი შექმნან, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის შიმშილობა იმ ზღვარზეა მისული, როცა სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს მის ჯანმრთელობას. ამიტომ, კომისიის შექმნა კი არ არის საჭირო, არამედ დაუყონებლივ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. როგორც საქართველოს პირველ არხს ხუნდაძემ განუცხადა, აღნიშნულ ჯგუფში შევლენ თავად მიხეილ სარჯველაძე, სახალხო დამცველი და ექიმები. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ჯგუფი როდის მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს, კონკრეტული დრო დღეს დაზუსტდება.