რომან გოცირიძე - როდესაც მიდიხარ მოლაპარაკებებზე და წინასწარ საარტილერიო დარტყმებს აყენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გინდა, მოლაპარაკება რამე შედეგით დამთავრდეს
რომან გოცირიძე - როდესაც მიდიხარ მოლაპარაკებებზე და წინასწარ საარტილერიო დარტყმებს აყენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გინდა, მოლაპარაკება რამე შედეგით დამთავრდეს

როდესაც მიდიხარ მოლაპარაკებებზე და წინასწარ საარტილერიო დარტყმებს აყენებ – მუქარას, დაფინანსების შეწყვეტას, პარტიის რეგისტრაციიდან გაუქმებას და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გინდა, მოლაპარაკება დამთავრდეს რამე შედეგით, ან არის ძალიან ბრიყვული ტაქტიკა, რომ შეაშინო და მერე უკან დაახევინო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„არ მგონია, რომ ხელისუფლება იყოს მონდომებული ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ვინაიდან ეს განცხადებები არ უწყობს ხელს მოლაპარაკებების წარმატებით დამთავრებას. შედეგი უნდა იყოს, რომ ამ ქვეყანას უნდა ეღირსოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სადაც ადამიანს ექნება იმის უფლება, რომ თავად აირჩიოს ხელისუფლება და რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, გაუყალბებელი, თავისუფალი და დემოკრატიული. ალბათ, ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ეს არის მისი არჩევანი. იქნება ყველანაირი ზემოქმედება საგარეო, საშინაო, ქუჩიდან, ეკრანებიდან და ასე შემდეგ. არ იქნება ტკბილი ცხოვრება ამ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა გოცირიძემ.