რომან გოცირიძე - როდესაც ხალხი ხედავს, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს უწესდება მკაცრი აკრძალვები, ხოლო მეორე ჯგუფს არა, უსამართლობის განცდა დაბადებს უმართავ წინააღმდეგობას
რომან გოცირიძე - როდესაც ხალხი ხედავს, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს უწესდება მკაცრი აკრძალვები, ხოლო მეორე ჯგუფს არა, უსამართლობის განცდა დაბადებს უმართავ წინააღმდეგობას

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ყველანაირად დავუდგეთ მხარში ჩვენს ქვეყანას, მზად ვართ გავუზიაროთ, ვურჩიოთ ხელისუფლებას ის გამოცდილება, რომელიც გაგვაჩნია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისათვის ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც უკვე დგას მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

„ეს არის დღეს ის აუცილებელი ნაბიჯი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომავალში ქვეყნის ჯანსაღი განვითარება, მომავალში, უკვე სამწუხაროდ, ჩამოშლილი ეკონომიკის ფეხზე დაყენება, მისი რეაბილიტაცია და შემდგომი წინსვლა. პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის სრულად შესრულებაზე ეკისრება საქართველოს მთავრობას. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ყველანაირად დავუდგეთ მხარში ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის, ხელისუფლებაში ყოფნისა, ამ ქვეყნის სწორი, ევროპული მიმართულებით დაყენებისა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება 2008-2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევისა იმ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც იყო ქვეყანაში საომარი მოქმედებები და როდესაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებდა ფინანსური კრიზისი. ჩვენ გამოვედით ამ უმძიმესი ვითარებიდან მყარი ლარით, ძლიერი ეკონომიკით, რომელმაც ერთი წლის შემდგომ შეძლო კვლავ დინამიკური განვითარება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა მზადაა რჩევა მისცეს ხელისუფლებას და გაუზიაროს ის გამოცდილება, რომელიც გააჩნია.

„თუ თქვენ დააკვირდით, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში შევთავაზეთ მთავრობას როგორც ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის საკითხებს, ასევე შევთავაზეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, გამომდინარე იქიდან, რომ საგანგებო მდგომარეობაში ასეულ ათასობით ადამიანი დროებით კარგავს სამუშაოს, კარგავს შემოსავალს და ფაქტობრივად, ისინი უძლური ხდებიან თუნდაც ელემენტარული თავის რჩენის წინაშე. საჭირო არის განხორციელდეს სერიოზული ფინანსური დახმარების პაკეტი. სასურსათო დახმარების პროგრამა უნდა ამოქმედდეს, უნდა ამოქმედდეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა, ვინაიდან შესაძლებელია სულ რამდენიმე დღეში შუქი გამოურთონ, წყალი, დენი გაუთიშონ ადამიანებს, რომლებსაც არ დარჩათ არავითარი რესურსები. იმ ადამიანებს განსაკუთრებით, რომელთა შემოსავალიც დამოკიდებული იყო ყოველდღიურ მძიმე შრომაზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობისას სხვადასხვა ჯგუფების მიმართ  შერჩევითი მიდგომა დაუმორჩილებლობის რისკს აჩენს.

„რაც შეეხება დღევანდელ განცხადებებს და აქ წარმოშობილ დისკუსიას მთავრობასა და პარლამენტს შორის, ეს არის სახიფათო და საგანგაშო. ჯერ საგანგებო მდგომარეობა ძალაში არ არის მთელი სისრულით შესული და უკვე იგრძნობა განსხვავება პრემიერ-მინისტრის პოზიციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობის პოზიციას შორის. ხდება აბსოლუტურად არასწორი განმარტებები. თურმე, შეკრება სხვა არის და პრემიერის მიერ ნათქვამი თავშეყრა 10 ადამიანისა, თურმე აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს. ანუ უკვე იწყება საგანგებო მდგომარეობაში შერჩევითი მიდგომა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. ასეთ ვითარებაში შესაძლებელია, გაჩნდეს ძალიან დიდი რისკი, მათ შორის, ადამიანების მხრიდან დაუმორჩილებლობისა. როდესაც ხალხი ხედავს, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს უწესდება მკაცრი აკრძალვები, ხოლო მეორე ჯგუფს არა, ამ შემთხვევაში უსამართლობის განცდა დაბადებს აბსოლუტურად უმართავ წინააღმდეგობას. ამიტომ პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის წარმატებით შესრულებაზე ეკისრება დღეს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, მთავრობას, პრეზიდენტს, ეკისრება მის საპარლამენტო უმრავლესობას. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცუდი სტარტი იქნა აღებული და ცუდი მაგალითი იქნა მიცემული ამ სამთავრობო და საპარლამენტო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერპრეტაციას შორის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.